გამოცემა Carnegie Europe-ის უფროსი მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში, თომას დე ვაალი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ "ქართული ოცნების ბრძოლა დასავლელ პარტნიორებთან და მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ პროგრესს".

სტატიაში ვკითხულობთ, რომ დემოკრატიის კუთხით საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი მიღწევები ახლა საფრთხის წინაშეა. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირებას, სასამართლო სისტემის რეფორმის ჩაგდებას, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმას ვაალი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ქართული ოცნების "უპრეცედენტო ბრძოლას" უწოდებს.

ის დასავლელ პარტნიორებთან უთანხმოებად მიიჩნევს ივლისში, LGBTQ პრაიდის კვირეულში განვითარებულ მოვლენებსაც.

"5 ივლისს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ჟურნალისტები ანტი-LGBTQ ექსტრემისტების ძალადობისგან. მათ ორი დღის განმავლობაში ორჯერ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობიდან. მოგვიანებით, აგრესიულად განწყობილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოვლენებს "პროპაგანდისტული აღლუმი" უწოდა", — ვკითხულობთ სტატიაში.

მკვლევარი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიერ ანულირებული შარლ მიშელის დოკუმენტი და ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრების ხელმოწერები პოლიტიკური ცირკის შთაბეჭდილებას ტოვებს.

"როგორც ჩანს, რეჟიმის გადარჩენა ყველა სხვა საკითხს, თუნდაც მნიშვნელოვან მაკროფინანსურ დახმარებას, აღემატება. ღარიბაშვილს და მის უფროსებს აქვთ სტრატეგია, რომელსაც მიჰყვებიან: განახორციელონ კონტროლი მედიაზე, სასამართლო სისტემასა და არჩევნებზე; ქართულ ფასეულობებზე საუბრითა და მიხეილ სააკაშვილის სახელით შიშის დათესვით გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე; შეინარჩუნონ გონივრულად კარგი ურთიერთობები ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, მოსკოვთან ყველა ხიდის დაწვის გარეშე", — წერია Carnegie Europe-ის სტატიაში.