ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია უარს იტყვის ამნისტიის მიღებაზე, მის მიმართ შესაბამისი კანონი ამოქმედდება. თუმცა, კობახიძე ფიქრობს, რომ მელიას მოუწევს საკუთარი სიტყვის გადათქმა და მაინც დათანხმდება ამნისტიას.

"თუ ის უარს იტყვის ამნისტიაზე, ამ შემთხვევაში, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი [...] მე შეგახსენებთ, რომ ის, ასევე, ამბობდა თავის დროზე, რომ ხელს არ მოაწერდა მიშელის დოკუმენტს, თუმცა, საბოლოო ჯამში, სრულიად კომიკურად, ანულირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ასევე, ალბათ, მოუწევს მას, საკუთარი სიტყვის გადათქმა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ამნისტიასთან დაკავშირებით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

7 სექტემბერს, პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააინიცირა. პარლამენტში დარეგისტრირებული იყო ამ კანონპროექტის ალტერნატიული, ოპოზიციის ვერსიაც. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება აღნიშნულ კანონპროექტებს შორის შესაძლო ამნისტრიებული პირების თანხმობის საჭიროებაში იყო. კერძოდ, ქართული ოცნების ვერსიაში წერია, რომ ამნისტია შეეხება მას, ვინც "უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე", ოპოზიციის კანონპროექტში მსგავსი ჩანაწერი არ არის.

9 სექტემბერს, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ აპირებს თანხმობა განაცხადოს ამნისტიაზე ისე, თითქოს "მოწყალებას ითხოვს". მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილლის თქმით, კანონში სპეციალურად მელიაზე მორგებული რეგულაციაა, რაც "ოცნების" პოლიტიკურ ნებას ააშკარავებს და არა მელიას ბრალეულობას.