შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ყვარელში საქართველოს ბანკში შეჭრაზე ამჯერად მძარცველის არანაირი მოთხოვნა არ შეუსრულებიათ. მისივე თქმით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სხვადასხვა ოდენობის თანხას ითხოვდა.

"დავაკავეთ, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე, ბანკის თანამშრომლებს, ვინც იყვნენ შიგნით. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა... სხვადასხვა თანხებს ითხოვდა, ხან ნახევარ, ხან ერთ მილიონს. არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა", — განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარელში, ბანკში შეიარაღებული პირის შესახებ ინფორმაცია დღეს, 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე გაავრცელა. დაახლოებით ორ საათში, უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია.