ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ თუ მელია ჩუმად იქნება და განცხადებას არ დაწერს, ამნისტია შეეხება.

"არსად არ წერია, თანხმობა უნდაო, არა. წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს. თუ უნდა, რომ არ შეეხოს, უნდა დაწეროს განცხადება, რომ გთხოვთ, მე ამნისტია არ შემახოთ. ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ აფერისტობს. ზუსტად იცის, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და ზუსტად იცის, რომ თუ ამას დაწერს, რომ არ შემეხოს, მაშინ მოუწევს ციხეში ჯდომა. ამას არ აკეთებს და ნუ მოგატყუბთ, ნუ მოიტყუებთ თავს. კითხეთ, სად წერია, რომ თანხმობა უნდა.. არ უნდა თანხმობა... უნდა თქვას, რომ "მე არ მინდა ამნისტია". ჩუმად არ უნდა იყოს და თუ ჩუმად იქნება, შეეხება", — ამბობს ზარქუა.

დღეს, 9 სექტემბერს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მელიამ უნდა დაეფიქსირებინა, ეთანხმება თუ არა ამნისტიას. მელიას განცხადებით შეუძლებელია, საკუთარი ნებით 20 ივნისის ამნისტია მიიღოს.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე მივიდა, რადგან საბოლოოდ დასრულდეს სპეკულაციები და თქვას, რომ ამნისტიაზე უარს ამბობს. მისი თქმით, ამნისტიის მიღება დაადასტურებს, რომ თითქოს ის სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რაც სიცრუეა. მისივე თქმით, ეს პროცესი პოლიტიკური მასკარადია, რომელში მონაწილეობასაც არ აპირებს.

პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის ქართული ოცნების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ან მსჯავრდებულია.

ამნისტია 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა. ნიკა მელია ამის წინააღმდეგი იყო.

მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამავე მუხლის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება დანაშაულის მომზადების ან მომზადების მცდელობაზეც და პირობით მსჯავრზეც.

ამნისტია გავრცელდება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144¹-144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.