ღიად პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური არხი Alt-Info მალე სილქნეტზეც გამოჩნდება. კომპანიის წარმომადგენლის, კახი ყურაშვილის განცხადებით შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებმა გუშინ, 8 სექტემბერს გააფორმეს. Alt-Info-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა მარტინენკოს განცხადებით არხი სილქნეტის პაკეტში რამდნეიმე დღეში გამოჩნდება.

ამის შესახებ მხარეებმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე განაცხადეს.

კომუნიკაციების კომისიას დღეს წარმოებაში უნდა მიეღო Alt-Info-ს საჩივარი სილქნეტის წინააღმდეგ, რომლითაც არხი კომპანიისგან სამომხმარებლო პაკეტში ჩასმასა და უარის თქმის გამო შესაბამისი სანქციის დაწესებას მოითხოვდა. მხარეებს შორის მორიგების გამო კომუნიკაციების კომისიამ საჩივარი განუხილველად დატოვა. ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ როგორც არხის, ისე კომპანიის წარმომადგენლები.

Alt-Info-ს სილქნეტმა სამომხმარებლო პაკეტში ჩასმაზე თავდაპირველად უარი "ტექნიკური მიზეზების" გამო უთხრა, რის გამოც არხმა მას კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. 29 ივლისს გამართულ სხდომაზე მარტინენკომ საჩივრის განხილვის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა ამის მიზეზი არ განუმარტავს. 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ არხმა კომპანიას ისევ უჩივლა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომუნიკაციების კომისიას საკითხი არც ამ შემთხვევაში განუხილავს, მიზეზად კი მხარეებს შორის მორიგება დასახელდა.

გაიგე მეტი: