როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ჰაკერებმა ინტერნეტ სივრცეში ემა უოტსონისა და ამანდა სეიფრიდის პირადი ფოტოები გაავრცელეს.

თავდაპირველად ქსელში უოტსონის 120 ფოტო გავრცელდა, რომლებიც სწრაფადვე წაშალეს. ფოტოების უმეტესობაში, ემა ახალ ტანსაცმელს ისინჯავს.

"გავრცელდა რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტოები, რომლებშიც ემა ტანსაცმელს ისინჯავს. აქ არ არის საუბარი შიშველ ფოტოებზე. იურისტი უკვე მუშაობს ამ საკითხზე და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - ამბობს ემას აგენტი.

ამ ამბავს გამოეხმაურა თავად ემა უოტსონიც და თქვა, რომ ყველა, ვისაც ამ ამბავში რამე წვლილი მიუძღვის, უმკაცრესად დაისჯება.

"ეს არ არის ხუმრობა, ეს იყო თავდასხმა, თანაც სოციალური მედიის დახმარებით, რომელიც განსაკუთრებით საშიშია. ამის გამო ყველა სათანადო პასუხს აგებს. ამ ამბის გაგებამდე ცოტა ხნით ადრე მე ქალთა უფლებებზე ვსაუბრობდი და ეს ფოტოებიც მუქარის ხასიათს ატარებდა, სურდათ გავჩუმებულიყავი.", ამბობს უოტსონი.

ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა მსახიობი ამანდა სეიფრიდიც.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰაკერებმა ინტერნეტში ვარსკვლავების პირადი ფოტოები გაავრცელეს. ანალოგიური შემთხვევა 2014 წელსაც მოხდა, როცა ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე ვარსკვლავის პირადი ფოტოები გავრცელდა, მათ შორის იყო ჯენიფერ ლოურენსიც. 2016 წელს ამ ფაქტზე რაიან კოლინსი დააკავეს, რომელიც ცნობილი ადამიანების პირად მონაცემებთან წვდომასა და მათი ფოტოების გასაჯაროვებაში დაადანაშაულეს.