განახლება: 10 სექტემბერს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა და განაცხადა, რომ ორგანიზაციის ანალიზში წარმოდგენილი მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემები შედარებულია გასული წლის 3 თვის მაჩვენებლებს, რის გამოც მიღებული შედეგები არარეალურია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშედ დასაქმებულთათვის გადახდილი ხელფასების რაოდენობა გაორმაგებულია, რაც, მათი შეფასებით, თანხების არაეფექტიან ხარჯვასა და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანალიზშია საუბარი, რომელიც ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მაჩვენებლებს ეხება.

TI-ის კვლევაში ნათქვამია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშეების შრომის ანაზღაურებაზე 153,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 84,4 მლნ ლარით (123%-ით), ხოლო 2019 წლის მონაცემზე 95 მილიონი ლარით (164%-ით) მეტია. ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

"ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე. როდესაც მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქვეყანაში პანდემიაა, შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების გაორმაგება თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით", — ნათქვამია TI-ის ანგარიშში.

შტატგარეშედ დასაქმებულთათვის გადახდილი ხელფასების მოცულობა ბიუჯეტში საქონლისა და მომსახურების მუხლით აღირიცხება. TI-ის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 2021 წლის 6 თვეში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქონლის და მომსახურების ხარჯები 21,4%-ით გაიზარდა და 758 მილიონი ლარი შეადგინა, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი ზრდა 24%-ია. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საქონლის და მომსახურების ხარჯების ზრდა ყველაზე მეტად შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების ზრდამ განაპირობა.

"საინტერესოა საქონლის და მომსახურების შესაძენად გაწეული ხარჯების ჩაშლილად ნახვა, რადგან ეს სწორედ ის ხარჯებია, რაზეც პანდემიას მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა, თუ მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებში ეკონომიას გააკეთებდა. საქონელსა და მომსახურებაში შემავალი სხვა ხარჯებიდან, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო ხარჯები (80 მილიონი ლარით), ოფისის ხარჯები (64 მილიონი ლარით) და ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვის ხარჯები (31,4 მილიონი ლარით)" — ნათქვამია TI-ის კვლევაში.

On.ge ბიუჯეტიდან გაცემული ხელფასებისა და შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისშიც წერდა.