ლიეტუვაში მდებარე კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ადრეული ნიშნების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტით შეუძლია. ამას ის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებების შესწავლის გზით ახერხებს და მარტივად ამჩნევს იმ ცვლილებებს, რომლებიც დიაგნოზის დასმამდე ხშირად იჩენს თავს.

გამოცემაში Diagnostics ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში ავტორები საუბრობენ ალგორითმზე, რომელიც სუსტი კოგნიტური დარღვევის ნიშნებს წარმატებით ამოიცნობს. ის ასაკის მატების თანმდევ და ალცჰაიმერთან დაკავშირებულ მეხსიერების პრობლემებს შორის არსებულ ერთგვარ შუალედურ სტადიად მიიჩნევა და თვალშისაცემი სიმპტომები არ გააჩნია. თუმცა, ტვინის ზოგიერთ რეგიონში მცირე ცვლილებებს იწვევს, რომლებიც ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისას ვლინდება.

ფოტო: New York Times

სპეციალისტებმა მსგავსი გამოსახულებების გასაანალიზებლად ნეირონული ქსელი, სახელად ResNet18 გამოიყენეს. მასზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის მოდელი შექმნეს, რომელიც მონაცემებს სწრაფად ამუშავებს. ის თავდაპირველად 138 ადამიანის ტვინის 51,443 სურათის გამოსაკვლევად გამოსცადეს. მათგან ზოგი ჯანმრთელი იყო, ნაწილს სუსტი კოგნიტური დარღვევები აღენიშნებოდა, დანრჩენს კი ალცჰაიმერის დიაგნოზი ჰქონდა დასმული.

ტესტირების მომდევნო ეტაპზე ალგორითმმა 27,310 მაგნიტურ-რეზონანსული სურათი შეისწავლა. მან სუსტი კოგნიტური დარღვევები 99.99%-იანი სიზუსტით, მისი უფრო მწვავე ფორმები კი 99.95%-იანი სიზუსტით ამოიცნო.

კვლევამ ცხადყო, რომ ახალი მოდელი სხვებზე ბევრად ეფექტიანი, სწრაფი და ზუსტია. ეს მიღწევა მედიკოსებს რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების დროულად მკურნალობის საშუალებას აძლევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე