ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც, მობილურ ტელეფონში არსებული ელექტრონული საფულის საშუალებით გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება. ბარათის კომფორტი პანდემიამაც გამოკვეთა, როდესაც ნაღდ ფულთან შეხება არცთუ სასიამოვნო პროცესი გახდა. თუმცა, პლასტიკური ბარათით გამარტივებული ცხოვრება მხოლოდ იქამდე შეიძლება გაგრძელდეს, ვიდრე მისი მოხმარების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის წესებს დავიცავთ.

გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

  • არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ. არ გადასცეთ სხვა პირს, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე ან სხვა ნებისმიერ ადგილზე გადახდისას;
  • არავის გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და არავის გადაუგზავნოთ მისი ფოტო;
  • ბარათის მეგობრისთვის ან ნებისმიერი პირისთვის თხოვება სარისკოა. სარისკოა ბარათის პინკოდის ან მობილურზე მოსული ერთჯერადი სმს კოდის სხვისთვის გადაცემა;
  • ნურავის გაუზიარებთ ხმამაღლა თქვენი ბარათის ნომერს. შესაძლოა, მას ის ადამიანიც ისმენდეს, ვისაც ბარათის მონაცემების ბოროტად გამოიყენება შეუძლია;
  • ბარათის დაკარგვის ან დაკარგვის ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ის ინტერნეტბანკის ან ქოლცენტრის საშუალებით.