თალიბები მათი წესების მიმართ არსებული მზარდი პროტესტის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების დაწესებას აგრძელებენ. კერძოდ, აიკრძალა ნებისმიერი დემონსტრაცია, რომელსაც არ აქვს როგორც შეკრების, ასევე სლოგანის გამოყენების ოფიციალური თანხმობა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

პირველი განკარგულება ისლამისტური ჯგუფის ახალი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სირაჯუდინ ჰაქანის ხელმძღვანელობით გაიცა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ტერორიზმის ბრალდებით ეძებს. თალიბანმა მოწინააღმდეგები გააფრთხილა, რომ მიიღონ ნებართვა ნებისმიერ პროტესტამდე ან ისინი "მძიმე სამართლებრივ შედეგებს" გადააწყდებიან.

8 სექტემბრის ოფიციალური აკრძალვა რამდენიმე ქალაქში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბანის მებრძოლებსა და აქციების მონაწილეებს შორის წინაღმდეგობებს მოჰყვა. პროტესტის სათავეში კი ხშირად ქალები იყვნენ.

აკრძალვის შესახებ განკარგულება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების შემდეგ გაიცა. ენტონი ბლინკენმა გაიმეორა სხვა საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია, რომ ავღანეთის დროებითი კაბინეტი თალიბების დაპირებული ინკლუზიური მთავრობა არ იყო და რომ ისლამისტურ ჯგუფს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება.

თალიბანმა ახალი მთავრობის შემადგენლობა 8 სექტემბერს, ავღანეთზე კონტროლის დამყარებიდან 3 კვირის შემდეგ დაასახელა. რამდენიმე ხნით ადრე, 4 სექტემბერს ქაბულში თანასწორუფლებიანობისთვის გამართულ ქალთა საპროტესტო აქციაზე თალიბანმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა განახორციელა, რომლის დროსაც, რამდენიმე აქტივისტი დაშავდა.