ოთხშაბათს ისლანდიაში სპეციალური ქარხანა ამუშავდა, რომელიც ჰაერიდან ნახშირორჟანგს შთანთქავს და შემდეგ ქვად გარდაქმნის. იგი მსოფლიოში ამგვარი ტიპის უდიდესი ქარხანაა, ინფორმაციას კი მისი დამაარსებელი კომპანიები ავრცელებენ.

ქარხანას Orca ეწოდება, რაც ისლანდიურად ("orka") "ენერგიას" ნიშნავს. იგი ოთხი განყოფილებისგან შედგება, ხოლო თითოეული მათგანი ორი მეტალის ყუთისგანაა დამზადებული, რომლებიც გარეგნულად საზღვაო ტრანსპორტში გამოყენებულ კონტეინერებს წააგავს.

ქარხანა შვეიცარიულ კომპანია Climeworks-ისა და ისლანდიის Carbfix-ის მიერ შეიქმნა. როგორც კომპანიები აცხადებენ, იგი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობისას ყოველწლიურად 4 ათას ტონა ნახშირორჟანგს (CO2) მოაშორებს ჰაერიდან.

შეერთებული შტატების გარემოსდაცვითი სააგენტოს (EPA) მიხედვით, ეს დაახლოებით 870 მანქანის გამონაბოლქვს უდრის.

CO2-ის შესაგროვებლად ქარხანა ვენტილატორებს იყენებს, რათა ჰაერი კოლექტორში მოაქციოს, რომელსაც შიგნით საფილტრავი მასალა აქვს.

მაშინ, როდესაც საფილტრავი მასალა CO2-ით აივსება, კოლექტორი იკეტება, ტემპერატურა კი იზრდება, რათა CO2 გამოუშვას მასალიდან, რის შემდეგაც შესაძლებელია, უხვად კონცენტრირებული აირი შეგროვდეს.

ამ ყველაფრის შემდეგ CO2-ს წყალში ურევენ და ათასი მეტრის სიღრმეში ათავსებენ ახლომდებარე ბაზალტის ქანში, სადაც იგი უნდა გაქვავდეს.

ეგრეთ წოდებული ნახშირბადის მოპოვებისა და შენახვის (CCS) მომხრეებს სჯერათ, რომ ამგვარმა ტექნოლოგიებმა, შესაძლოა, კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგია კვლავაც მეტისმეტად ძვირადღირებულია და, შესაძლოა, ათწლეულებიც წაიღოს, რათა საჭირო დატვირთვით იმუშაოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.