ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საკუთარი ნებით შეუძლებელია 20 ივნისის ამნისტია მიიღოს. მისივე თქმით, როგორც ელოდა — "მოძალადეები შეიწყალეს", "პატრიოტული სულისკვეთების" მქონე ადამიანებს კი დევნიან.

"20 ივნისის ამნისტია დასრულდა ისე, როგორც ველოდი, ნამდვილად, რომ მოძალადეები შეიწყალეს და ახლა უნდათ, რომ ნიკა მელია ადგეს და სასამართლოში მიიღოს ეს მოწყალება. რა თქმა უნდა, ახლავე, თქვენი ეთერის მეშვეობით ვეუბნები, რომ ნუ დაიღლიან თავს და ნუ შეიწუხებენ ზედმეტი კითხვების დასმისგან. შეუძლებელია, მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი იმდაგვარად რომ ჩემი ნება იქნეს გამოხატული", — განაცხადა ნიკა მელიამ მთავართან.

პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის ქართული ოცნების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ან მსჯავრდებულია.

ამნისტია 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა. ნიკა მელია ამის წინააღმდეგი იყო.

მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამავე მუხლის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება დანაშაულის მომზადების ან მომზადების მცდელობაზეც და პირობით მსჯავრზეც.

ამნისტია გავრცელდება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144¹-144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.