საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ეხმაურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებას დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მოუწოდებს,გაიაზროს პოლიტიკური მართლმსაჯულების შეუქცევადად უარყოფითი შედეგები ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს პოლიტიკური მართლმსაჯულების შეუქცავადად უარყოფითი შედეგები ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ, პატივი სცეს კანონის უზენაესობის პრინციპს და ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარებას", — ამბობენ ორგანიზაციაში.

მათივე განცხადებით, კეზერაშვილის საქმე არ არის ერთადერთი, რომლის განხილვაც საერთო სასამართლოებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდა და ამ კონტექსტში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების პირდაპირი დასტურია.

"პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების ნიშნებს ამძაფრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 25 ივნისს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც - "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს". პრემიერის განცხადება შესაძლოა შეფასდეს, როგორც სასამართლოს მიმართ მმართველი პარტიის პირდაპირი დავალება პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. ამასთანავე, კეზერაშვილის საქმე არ არის ერთადერთი, რომლის განხილვაც საერთო სასამართლოებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდა. 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარე საქმეზეც.

აქვე საყურადღებოა რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ. გამოძიების ფარგლებში არაერთხელ იყო გამოკითხული, ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც. ამ კონტექსტში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების პირდაპირი დასტურია"— აცხადებს GDI.

უზენაესმა სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.