ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების განცხადებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგია.

"სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუტარეს ორივე საელჩოს. ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი, ბუნებრივია, ელჩები თვითონ ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს. მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა როგორც ჩანს, ასეთი სწორი კონსულტაცია მათ არ გაეწიათ", — ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე თქმით, ორივე განცხადება სამწუხაროა და ამას შესაბამისი შეფასება სჭირდება ყველა მხრიდან.

"ძალიან სამწუხაროა ორივე განცხადება სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთი იმის გამო, რომ როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველას მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან", — აცხადებს კობახიძე.

გაიგე მეტი:

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთი პუნქტის — გენერალური პროკურორის არჩევის წესის გამოკლებით. ცვლილებას მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არავინ წასულა. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის დაწესებული კვორუმი 113 ხმაა.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის აზრთა სხვადასხვაობა სწორედ გენერალური პროკურორის არჩევისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაზეა — ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს ცვლილება არ არის საკმარისი ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, თუმცა, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შესრულდეს მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული დებულებები. გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო გენერალური პროკურორის ასარჩევად, მით უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება არჩეულ კანდიდატს.

მმართველი პარტია მხარს უჭერს გენერალური პროკურორის არჩევას მხოლოდ 76 დეპუტატის თანხმობის საფუძველზე. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც თანამდებობის პირებს უბრალო უმრავლესობით ირჩევენ. ქართული ოცნების კიდევ არგუმენტი ეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც კვალიფიციური უმრავლესობით ორჯერ ვერარჩევის შემთხვევაში, მესამედ, 76 ხმით არჩეული პროკურორის უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ერთი წელია.