უზენაესმა სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია On.ge-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა დაუდასტურა. მისი თქმით, თავდაპირველი განაჩენი 10 წელი იყო, თუმცა ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა.

დღეს, 7 სექტემბერს უზენაეს სასამართლოში კეზერაშვილის საქმეზე პროცესი განახლდა, ის ზეპირი მოსმენის გარეშე მიმდინარეობდა. სამი მოსამართლიდან ერთ-ერთი შალვა თადუმაძე იყო, რომელიც, როგორც გელხაური ამბობს, პროკურატურას ხელმძღვანელობდა მაშინ, როცა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უწყებამ უზენაესში გაასაჩივრა. მოსამართლეებს შორის ასევე იყვნენ ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილ მინისტრის, დავით კეზერაშვილს პროკურატურა საწვრთნელ პროექტში 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, მას ბრალი ვერ დაუმტკიცდა ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში.

"ჩატარდა წვრთნები, დაქირავებული იყვნენ უცხოელები, რომლებმაც ჩაატარეს წვრთნები თავდაცვის სამინისტროში. პროკურატურა ედავება, რომ ეს წვრთნები არ ჩატარებულა რეალურად და ეს ფული ტყუილად გადაირიცხა, თუმცაღა დაცვის მხარის მიერ დადგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს წვრთნები ნამდვილად ჩატარდა, ნამდვილად იყვნენ ინსტრუქტორები ჩამოსული, გამოიკითხენ მოწმეები და დაადასტურეს. ზუსტად ამაზე დაყრდნობით იმსჯელა პირველმა და მეორე ინსტანციამაც, რომ წვრთნები რეალურად ჩატარდა და ეს დაადასტურეს", — განაცხადა მან.

როგორც გელხაური On.ge-სთან აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2017 წელს იყო, მეორე — 2018 წელს. მისივე თქმით, პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს 2018 წელს მიმართა. სწორედ ამ პერიოდში, 2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე თადუმაძეს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.

პროკურატურის განცხადებით, კეზერაშვილი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იქნა ცნობილი

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. აღნიშნული სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ დ.კ.-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება", — ამბობენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ პრემიემინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს დავით კეზერაშვილზე ისუაბრა და თქვა, რომ მას "ახლა მიხედავდნენ".

"ჩემს დროს არა, კეზერაშვილი, არა. მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ, ალბათ. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს, თქვენ არ იცით, აგერ არის ინფორმაცია, სრული ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, მოითხოვეთ", — თქვა ღარიბაშვილმა.