მიზეზები, რომელთა გამოც დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია — რა უნდა ვიცოდეთ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

დედის რძე — პირველი სადილი

ჭამა-სმის საფუძვლების კვლევას თუ დავიწყებთ, ეჭვი მეპარება, ძუძუთი კვებას სადმე გავექცეთ. მაშინ, როცა უკვე ძუძუს მოვწყდებით და სამყაროს უფრო ფართო ჰორიზონტი გვეშლება წინ, დედის რძის სარგებელზეც არაერთ ინფორმაციას ვისმენთ.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ძუძუთი კვება სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე პედიატრიის ამერიკული აკადემიაც გვირჩევს, რომ ბავშვის კვების ამ მეთოდს სასურველია მინიმუმ 12 თვით მაინც მივმართოთ.

ბოლო დროს საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ სახიფათო ქიმიურ ნივთიერებათა კლასი (FPAS), რომელიც ყოფაცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება, ადამიანის ორგანიზმშიც ასევე ცირკულირებს და მეტიც, დედის რძეშიც აღწევს. ჩვილების გამოკვლევა რთულია და არც საგულდაგულო ანალიზი არსებობს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ბავშვის ჯანმრთელობაზე. საბოლოოდ, კვლევის ავტორები მაინც იმას ამტკიცებენ, რომ დედის რძე ბავშვისათვის საუკეთესო საკვებია, რისთვისაც ნამდვილად არაერთი სარწმუნო მიზეზი აქვთ.

რისგან შედგება დედის რძე?

ფართოდაა ცნობილი, რომ ძუძუთი კვებას არაერთი სარგებელი მოაქვს, დედის რძე კი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებ რესურსს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მისი შედგენილობა ძირითადად მაინც რძის ფაზებზეა დამოკიდებული: პირველი ფაზა ხსენია — სქელი, მოყვითალო ფერის მასა, რომელიც ორსულობის დროს და მშობიარობიდან მალევე წარმოიქმნება. მას შემდეგი ფაზა, გარდამავალი რძე მოსდევს, რომლის წარმოქმნაც დაახლოებით მშობიარობიდან 2-5 დღის განმავლობაში იწყება და ორ კვირამდე გრძელდება. ამ დროს რძე მოლურჯო-მოთეთრო ფერისა ხდება. შემდეგ კი მესამე, ჩამოყალიბებული რძის ფაზა დგება და წინა ორის მსგავსად, მისი შემადგენლობაც ბავშვის ფიზიოლოგიური საჭიროებების შესაბამისად იცვლება.

დედის რძეს კონკრეტულად ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და ნახშირწყლების უნაკლო კომბინაცია გამოარჩევს. მას დიდ უპირატესობას ანტისხეულები, ცოცხალი უჯრედები, ენზიმები და ჰორმონები ანიჭებს.

ამავდროულად, დედის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ანტისხეულებს (რომლებიც ხელოვნურ რძეში, იგივე ფორმულაში, არ გვხვდება) წარმოქმნის იმ მიკრობთა წინააღმდეგ, რომელსაც თავად დედა და ბავშვი ხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანტისხეულები დედის რძეშიც ხვდება, რათა ბავშვი დაავადებისგან დაიცვას.

პროტეინები

ადამიანის რძე ორი ტიპის ცილებს შეიცავს: რძის შრატსა და კაზეინს. მათი შეფარდება რძის სხვადასხვა ფაზებში განსხვავებულია: 80/20 ხსენში, 60/40 ჩამოყალიბებულ რძეში, ხოლო ლაქტაციის შედარებით გვიან პერიოდში კი 50/50. ცილათა ამგვარი ბალანსი ორგანიზმის მიერ მარტივ და სწრაფ მონელებას განაპირობებს. ხელოვნური რძის შემთხვევაში, რომელსაც მეორენაირად ფორმულასაც უწოდებენ, კაზეინის შემცველობა შედარებით მეტია, რაც ბავშვისათვის უფრო რთული მოსანელებელია. დედის რძეში არსებულ ცილათა ნახევარზე მეტი რძის შრატს წარმოადგენს, თუმცა მის შემადგენლობაში კიდევ არაერთი საინტერესო კომპონენტი გვხვდება:

  • ლაქტოფერინი — ცილა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში იმ ორგანიზმების ზრდას აფერხებს, რომლებიც რკინას საჭიროებენ, მაგალითად კოლიფორმული ბაქტერიებისა და საფუარი სოკოების. WebMD-ზე დაყრდნობით, ხსენი იმაზე 7-ჯერ მეტ ლაქტოფერინს შეიცავს, ვიდრე მოგვიანებით წარმოქმნილი რძე.
  • ლიზოსიმი — ენზიმი, რომელიც ბავშვს ნაწლავის ჩხირისა და სალმონელასგან იცავს. იგი ჯანსაღი ნაწლავური ფლორის ზრდას უწყობს ხელს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
  • სეკრეტორული იმუნოგლობულინი A (IgA) — იგი ბავშვს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან იცავს, რომელიც, შესაძლოა, მას დედისა და სხვა ოჯახის წევრებისგან გადაედოს. იგი ნაწლავის ჩხირისა და, სავარაუდოდ, ალერგიებისგანაც იცავს ბავშვს. ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ასევე მოქმედებს სხვა იმუნოგლობულინები, მათ შორის IgG და IgM. ამ ცილათა რაოდენობის გაზრდა დედას თევზის მიღებით შეუძლია.
  • ბიფიდოგენური ფაქტორი — იგი ლაქტობაცილას ზრდას უწყობს ხელს, რომელიც საზიანო ბაქტერიებისაგან დაცვას ემსახურება. ლაქტობაცილა მჟავა გარემოს ქმნის, რომელიც მიკროსკოპულ ბოროტმოქმედებს საარსებოდ დიდად არ არგიათ.

ფოტო: Dribble / Builtvisible

ცხიმები

დედის რძე ცხიმებსაც შეიცავს, რომელთაც ბავშვის განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ისინი არა მხოლოდ ენერგიის მთავარი რესურსია, არამედ ტვინის განვითარებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ბადურის, ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვისაა საჭირო.

ვიტამინები

რძეში ვიტამინთა ტიპი და მათი რაოდენობა პირდაპირ კავშირშია დედის რაციონთან, რის გამოც ამ მხრივ შესაბამისი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ცხიმში ხსნადი ვიტამინები, როგორიცაა A, D, E და K, ახალშობილის ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. ასევე მნიშვნელოვანია წყალში ხსნადი ვიტამინებიც, როგორიცაა ვიტამინი C, რიბოფლავინი, ნიაცინი და პანტოთენის მჟავა. შესაბამის ვიტამინთა საჭიროების გამო, პროფესიონალები მეძუძურ დედებს ხშირად დანამატებსაც უნიშნავენ.

ნახშირწყლები

ამერიკის ორსულობის ასოციაციაზე დაყრდნობით, ლაქტოზა დედის რძეში არსებული ძირითადი ნახშირწყალია. იგი მისი კალორიული ღირებულების დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს. ლაქტოზა კუჭში ჯანმრთელობისათვის მავნე ბაქტერიათა შემცირებას ეხმარება, რაც კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის შეწოვას აუმჯობესებს. იგი სასარგებლოა დაავადებებთან ბრძოლისთვის და კუჭში სასარგებლო ბაქტერიათა მომრავლებას უწყობს ხელს.

კალციუმის მარაგის 99 პროცენტი ჩვენს კბილებსა და ძვლებშია თავმოყრილი და მათ სტრუქტურულ სიმყარეს განაპირობებს, რათა ფუნქციონირებაში შეუწყოს ხელი. კალციუმი ასევე საჭიროა კუნთების მოძრაობისა და ნერვული სიგნალების მიღება-გადაცემისთვის, გვიცავს სისხლის თრომბებისგან და ნორმალური გულის რიტმის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.

ფოსფორი კალციუმთან ერთად მუშაობს და ძვლების გაძლიერებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ჯანმრთელი ძვლებისათვის ფოსფორისა და კალციუმის შესაბამისი ოდენობა დაგჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოსფორი ნუკლეინის მჟავებსა და უჯრედის მემბრანებშიც დიდ როლს ასრულებს და სხეულის მიერ ენერგიის წარმოქმნაშიცაა ჩართული.

ფოტო: Dribble / Lydia Amaruch

მაგნიუმი სხეულში 300-ზე მეტი ბიოქიმიური რეაქციის წარმართვას სჭირდება. იგი ნერვული სისტემისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში გვეხმარება და ჯანმრთელ იმუნურ სისტემას, სტაბილური გულისცემისა და ძვლების სიძლიერის შენარჩუნებასაც განაპირობებს. ელემენტი სისხლში გლუკოზის დონეთა დარეგულირებაშიც გვეხმარება და ენერგიისა და ცილების წარმოქმნაზეც კარგ გავლენას ახდენს.

ცოტა რამ ოქსიტოცინის შესახებ

პირველ რიგში, ოქსიტოცინი ჰორმონია, რომელიც ჰიპოფიზში გამოიყოფა და საშვილოსნოს ატყობინებს, რომ შეკუმშვა დაიწყოს, როცა ბავშვი უნდა დაიბადოს. მისი მოქმედება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ძუძუთი კვების პერიოდში. ოქსიტოცინს ვიცნობთ როგორც კავშირის, სტრესის საწინააღმდეგო, სიყვარულის ჰორმონს.

ძუძუთი კვება ტვინიდან ოქსიტოცინის გამოყოფას განაპირობებს და ჩვილს რძის მიღების საშუალებას აძლევს: როდესაც ბავშვი ძუძუსკენ მიიწევს, ნერვული დაბოლოებები ტვინისკენ სიგნალს აგზავნის, რომ ოქსიტოცინი გამოყოს, ის კი ძუძუში რძის წარმომქმნელი ჯირკვლების გარშემო კუნთების შეკუმშვას იწვევს. ჯირკვლების შეკუმშვისას დედის რძე სარძევე მილებში ჩაედინება, რომლებიც ასევე იკუმშება და ბავშვს საკვებს აწვდის.

ძუძუთი კვებისას გამოყოფილი ოქსიტოცინი ბავშვთან ძლიერი ემოციური კავშირის დამყარებას უწყობს ხელს, რადგან ჰორმონი სიყვარულის შეგრძნებებზეა პასუხისმგებელი, რომელიც ბავშვზე ზრუნვის სურვილსაც აღძრავს.

ფოტო: Verywell / Alison Czinkota

აღსანიშნავია, რომ ძუძუთი კვებისას და ფიზიკური კონტაქტისას ჰორმონს ბავშვიც და დედაც წარმოქმნიან.

სარგებელი ბავშვის ორგანიზმისთვის

ჩვილობის ასაკში დედის რძეს ბავშვისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს:

  • უფრო ძლიერი იმუნური სისტემა;
  • მომნელებელი სისტემის ნაკლები პრობლემები. მაგალითად, ნაკლები დიარეა, ყაბზობა, გასტროენტერიტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ნეკროზული ენტეროკოლიტი;
  • ნაკლები გაციება და რესპირატორული დაავადებები;
  • ნაკლები ყურის ინფექციები (განსაკუთრებით სმენისათვის სახიფათო);
  • ბაქტერიული მენინგიტის ნაკლები შემთხვევა;
  • უკეთესი მხედველობა;
  • ახალშობილთა სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებელი;
  • ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) უფრო დაბალი მაჩვენებელი;
  • ნაკლები ავადობა და ჰოსპიტალიზაცია.

ჩვილობაში დედის რძის სახით ბუნებრივი საკვების მიღება ბავშვს, შესაძლოა, ცხოვრების შემდგომ წლებშიც დაეხმაროს და ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების რისკი შეამციროს, როგორებიცაა:

  • ჭარბწონიანობა;
  • ასთმა;
  • ალერგიები;
  • დიაბეტის ორივე ტიპი;
  • მაღალი ქოლესტერინი;
  • ლეიკემია;
  • ჰოდჯკინის დაავადება;
  • ლიმფომა.

სარგებელი დედის ორგანიზმისთვის

გასაგებია, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიდან გამომდინარე, დედის რძეს ბავშვისათვის არაერთი სარგებელი მოაქვს, თუმცა ძუძუთი კვება დედებისთვისაც კარგია. მეძუძურ დედებს ძუძუს კიბოს, დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და საკვერცხის კიბოს რისკი უმცირდებათ. ამასთანავე:

  • რძის მარაგის წარმოქმნისა და შენარჩუნებისთვის დედის ორგანიზმს დამატებით დაახლოებით 500 კალორია ესაჭიროება, ამიტომაც მშობიარობის შემდეგ წონის კლება უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
  • ხელს უწყობს საშვილოსნოს, შეიკუმშოს და ნორმალურ ზომას დაუბრუნდეს.
  • ამცირებს მშობიარობის შემდგომ სისხლდენას.
  • ამცირებს საშარდე ტრაქტის ინფექციებს.
  • ამცირებს ანემიის შანსებს.
  • ამცირებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს.

სარგებელი ყოფით ცხოვრებაში

ძუძუთი კვების თანმდევ ფიზიკურ და ემოციურ ფაქტორთა ერთობლიობა ყოფით ცხოვრებაშიც არაერთ სარგებელს მოიტანს:

  • ძუძუთი კვება ბუნებრივად დამამშვიდებელი ჰორმონების, ოქსიტოცინისა (როგორც უკვე ვახსენეთ) და პროლაქტინის გამოყოფას იწვევს, რომელიც მეძუძურ დედას სტრესის შემცირებაში ეხმარება და დადებით გრძნობებს აღძრავს.
  • ზრდის თავდაჯერებასა და თვითშეფასებას.
  • ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, საერთო ჯამში ნაკლებს ტირიან და ავადმყოფობის ნაკლები შემთხვევა აქვთ, შესაბამისად ძუძუთი კვებას მთელს ოჯახზე აქვს დადებითი გავლენა, ფიზიკური თუ გონებრივი კუთხით.
  • ძუძუთი კვება მგზავრობისას მეტად მოსახერხებელია, რადგან დედის რძე ყოველთვის სუფთაა და ყოველთვის საჭირო ტემპერატურა აქვს.
  • დედის რძე ხელოვნურ საკვებზე მეტად ხელმისაწვდომია.
  • დედასა და ბავშვს შორის ფიზიკური და ემოციური კავშირი იზრდება.
  • ძუძუთი კვებისას უფრო მეტია შეხება, პირდაპირი კონტაქტი, რწევა და ხელში დაჭერა. სიცოცხლის პირველ წლებში სათუთი კავშირი ბავშვებსა და ზრდასრულებში სოციალურ და ქცევით პრობლემებს ამცირებს.
  • მეძუძურ დედებს პროცესში შეუძლიათ, ბავშვის სიგნალებისა და განწყობის შესახებ მეტი შეიტყონ, ბავშვები კი უფროსის მიმართ ნდობას სწავლობენ. ეს ყველაფერი ჩვილს ადრეული ქცევის ფორმირებაში ეხმარება.

ფოტო: Dribble / Lily Vasilevskaya

დედის რძე რომ შეუდარებელია, არაერთი მტკიცებულება ცხადყოფს და გარემოზე ადამიანის საქმიანობის დამღუპველი ზეგავლენაც აშკარად იკვეთება, თუნდაც მისი (და, როგორც ჩანს, ცოტა ადამიანის ორგანიზმისაც) დაბინძურების მაგალითზე. მიუხედავად ამისა, ამ კუთხით ბუნების კეთილი ძალები ჯერ კიდევ თავის ადგილასაა და კვლავაც გვეძლევა საშუალება, დედის რძის სახით ახალშობილებს ყველაზე სასარგებლო და ნატურალური საკვები მივაწოდოთ. ამასობაში ისღა დაგვრჩენია, დამატებით კვლევებსა და ინფორმაციას დავუცადოთ — იქნებ, შიგადაშიგ გარემოს დაცვაზეც გვეზრუნა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამდენ ხანს ცოცხლობენ ქათმები, რომ არ ვხოცავდეთ?
  2. ესმით თუ არა ძაღლებს სიტყვების მნიშვნელობა? — კვლევა
  3. მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
  4. აღმოაჩინეს პირველი არასტანდარტული ზეგამტარი, რომელიც ბუნებაშიც გვხვდება
  5. კოვიდპანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა — ცნობილია, რამდენით

გირჩევთ