ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, მედეა მეტრეველის განცხადებით, უტრანსპორტობამ ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს. მისი თქმით, პრობლემაა ასევე დღის ცენტრების მომლოდინეთა რიგებში ბავშვების დაფინანსება, მშობელთა მხარდაჭერის პროგრამებისა და ადაპტირებული გარემოს არ არსებობა.

"უტრანსპორტობამ ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა ჩვენს მოსახლეობას ქალაქ თბილისში. განსაკუთრებით მძიმეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებული საჭიროების ბავშვების და მოზარდების, მათი მშობლების მდგომარეობა. ხელისუფლებამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები არ გახსენებია, არ გამოსულა მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

დღის ცენტრებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და აბილიტაციის პროგრამები არ ხორციელდება სრულყოფილად. მშობლებს უწევთ, დიახაც ამ უტრანსპორტობის გამო მშობლის, ექიმის, ფსიქოლოგის, თერაპევტის ვალდებულებების შესრულება. ამ ადამიანების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. აღარაფერს ვამბობთ დღის ცენტრების მომლოდინეთა რიგებში ბავშვების დაფინანსების, მშობელთა მხარდაჭერის პროგრამების და ადაპტირებული გარემოს არ არსებობაზე", — აღნიშნა მედეა მეტრეველმა.

ბრიფინგზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსახლეობაზე პრობლემებზე ისაუბრეს ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა , საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვატო სურგულაძემ და პარტიის ქალთა საბჭოს წევრმა ნინო ქათამაძემ.

პარტია ლელოს ქალთა საბჭოს წევრმა, ნინო ქათამაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მუდმივად უნდა უზრუნველყოს შშმ პირთა მონიტორინგი მათი საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით.

"პანდემიის პირობებში შშმ პირები არსებითი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. პანდემიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც არ ითვალისწინებს შშმ პირთა საჭიროებებს, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის შშმ პირთა ჯანმრთელობას და საერთოდ სიცოცხლეს. ძალიან ბევრი შშმ პირი დამოკიდებულია სხვებზე", — თქვა ნინო ქათამაძემ.

მედეა მეტრეველმა ხელისუფლებას მოუწოდა, მიიღოს დროული გადაწყვეტილება მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის თაობაზე და, ამავდროულად, გაამკაცროს შესაბამისი რეგულაციების მონიტორინგი.