ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა და ოპოზიციას უშლის ხელს.

"სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ივანიშვილისა და ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა. ამ გამარჯვების მისაღწევად ლელო აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან. 2 ოქტომბერს ოცნება დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება", — განაცხადა ხაზარაძემ.

6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და კვლავ თქვა, რომ საქართველოში ჩამოვა. ის თარიღს ისევ არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებს, როცა ყველაფერი ხელთ ექნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე დააანონსა ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებამდე. მას ზუსტი თარიღი არც აქამდე უთქვამს, თუმცა აცხადებდა, რომ პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა. სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებზე საუბრისას მმართველ პარტიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს საქართველოში და მასზე ქართველ სამართალდამცავებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.