საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში გავრცელებულია მაღალი დონის კორუფცია — კორუფციის ისეთი შემთხვევები, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად აწყდება წვრილმან კორუფციას.

წვრილმანი კორუფცია

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

კორუფციის კომპლექსური ფორმები

გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევები გავრცელებული არ არის. 25% თავს იკავებს პასუხისგან.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

გამოკითხული მოსახლეობის 51% ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, 12%-ის აზრით კი, ასეთი დარღვევები გავრცელებული არ არის. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.

ფოტო: საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველო

რეაგირება კორუფციის შემთხვევებზე

კვლევისას მოსახლეობას ასევე კითხეს, ხდება თუ არა კორუფციის შემთხვევების სათანადო გამოძიება. გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ არ ხდება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. 17% კი მიიჩნევს, რომ ხდება. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

გამოკითხულთა 34% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 19% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს. ამასთან, გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი (47%) თავს იკავებს ცალსახა პასუხისგან.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საზოგადოების ნდობა სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში დაისვა კითხვები სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ ნდობის შესახებ.

ყველაზე მეტი ნდობით ეკლესია (63%) და რელიგიური ორგანიზაციები სარგებლობენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ასევე ენდობა მასწავლებლებსა (61%) და ექიმებს (54%). შედარებით მაღალი ნდობით სარგებლობს პოლიცია (43%) და ადგილობრივი ხელისუფლება (39%).

უნდობლობის მაჩვენებელში კი ლიდერობენ პარლამენტი (42%), ცენტრალური საარჩევნო კომისია (41%) და პრეზიდენტი (40%).

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. გამოკითხვა სატელეფონო იყო და 2021 წლის 9-დან 18 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 228 ადამიანი გამოიკითხა. საშუალო ცდომილება 2,67%-ია.