ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის საქართველოში, ხოლო ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩამოვიდა. მისი თქმით, სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს "ატყუებს".

"მართალი გითხრათ, უკვე სერიოზულად ამ ქვეყანაში არავინ აღიქვამს ამ ანონსებს. მერამდენე ანონსია უკვე, თვლაც კი აღარ არის [შესაძლებელი]. სიმართლე ის გახლავთ, რომ ყოველწლიურად საქართველოში მილიონობით ადამიანი ჩამოდის და მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩამოვიდა. ეს ერთადერთზე მიუთითებს, რომ მას არა აქვს სათანადო გამბედაობა და პოლიტიკური ლიდერობა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, თორემ ჩამოსვლას წინ რა უდგას?", — განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.

6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და კვლავ თქვა, რომ საქართველოში ჩამოვა. ის თარიღს ისევ არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებს, როცა ყველაფერი ხელთ ექნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე დააანოსნა ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებამდე. მას ზუსტი თარიღი არც აქამდე უთქვამს, თუმცა აცხადებდა, რომ პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა. სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებზე საუბრისას მმართველ პარტიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს საქართველოში.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.