კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების შესრულების მიზნით, მემორანდუმს სთავაზობს და მოუწოდებს მმართველ პარტიას უარი არ თქვან დებატებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

"კოალიცია ეხმიანება თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის განცხადებას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ სატელევიზიო დებატებში, ამასთანავე, რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა უკვე მიიღო უარი მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე", — წერია განცხადებაში.

კოალიცია შეახსენებს პოლიტიკოსებს, რომ დებატებში მონაწილეობა დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ელემენტი და ამომრჩევლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მათი შეფასებით, ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქეთა უფლებას გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

"მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა მედიასაშუალებების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ფორმატში, პატივი სცენ ამომრჩეველთა უფლებას გაეცნოს მერობის კანდიდატთა ხედვებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა", — აღნიშნავენ ორგანიზაციები.

გთავაზობთ მემორანდუმის ტექსტს უცვლელად:

ჩვენ, ხელმომწერი პირები, პატივს ვცემთ საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.

ვცნობთ და ვაღიარებთ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის საჭიროებას და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების გამართვის და მასში მონაწილეობის აუცილებლობას.

ვიაზრებთ, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების სწორ და ზუსტ, მიუკერძოებელ და სამართლიან გაშუქებასთან. მიუღებლად ვაცხადებთ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს.

ვაღიარებთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თანხმობას ვაცხადებთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ვალდებულების შესრულებაზე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ქალთა მონაწილეობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, დებატებში ქალი კანდიდატების წარმოდგენას.

ვგმობთ მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკური აქტივისტებს და მხარდამჭერებს პატივი სცენ მედიის პროფესიულ ვალდებულებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

ვთანხმდებით, რომ საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების ფარგლებში, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქების სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მხარეები გამოიყენებენ მაუწყებელთა თვითრეგულირების ეფექტიან მექანიზმს ან/და მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს.

*შენიშვნა: საარჩევნო საკითხებზე საჩივარი/განცხადება განიხილება დაჩქარებულად — 7 სამუშაო დღის ვადაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი;
  • მედიაკლუბი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • მედიის უფლებები;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • სატელევიზიო ქსელი;
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება — ISFED;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა — GDI;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია — GRMA;
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • უფლებები საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF