საქართველოში მყოფი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა და სამსახურის წამრმომადგენლებმა კონგრესმენებს ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარება დეტალურად გააცნეს.

კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზზე პირადად დასწრებისა და ადგილზე ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა, ჩამოხვიდე და იხილო თუ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ზონა", — აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა.

კონგრესმენ ალექს მუნიმ აღნიშნა, რომ აქ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი საქართველოზე ზრუნვისა და მხარდაჭერის გამოსახატად იმყოფებიან.

"მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების — ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი", — განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.

კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა აქ ჩამოსვლის მნიშვნელობასა და ყოველივეს საკუთარი თვალით ნახვას გაუსვა ხაზი.

"ერთია მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ მოისმინო რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ", — განაცხადა კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა.

ერთობლივად მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა.

"ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა", — აღნიშნა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა.

კონგრესმენებმა საქართველო-აშშ-ის მეგობრობაზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.

"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის მეგობარი ქვეყანა", — განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა კეროლ მილერმა.

"ამერიკელ კონგრესმენებს გავაცანით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოძისის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემო. აღნიშნული ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", — აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.

სუს-ის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საუბარი, ასევე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებს შეეხო.

"ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ არის მარტო და საქართველოს პარტნიორები მტკიცედ დგანან საქართველოს გვერდში, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული საკითების მოგვარების კუთხით უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სფეროებში", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს 6 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერმინიტრთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს პარლამენტშიც გაიმართება.