ლელოს მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გულიკო ზუმბაძემ ბრიფინგი გამართეს და ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო პროცესში არსებულ კორუფციაზე ისაუბრეს.

"ეს მეტროსადგური კალაძის მმართველობის კარგი სიმბოლოა, რადგან ის განასახიერებს იმ არაპროფესიონალიზმს, კორუფციას და გულგრილობას, რომლითაც კალაძის თბილისი იმართება", — ამის შესახებ ბიბილაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ ვართ მეტროსთან, რომლის რეკონსტრუქციაზეც ბოლო 5 წელიწადში, 2016 წლიდან დღემდე, დახარჯულია 700 ათას ლარამდე. 2018 წელს, მას მერე რაც ამ სადგურის რეაბილიტაციაზე ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, აქ ჩამოინგრა უხარისხოდ გაკეთებული ჭერი, რამაც ადამიანების სიცოცხლესა და კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნა. ასეთია კალაძის "სიცოცხლით სავსე ქალაქის" ნამდვილი სახე: კორუფცია, გაფლანგული თანხები და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა", — განაცხადა ბიბილაშვილმა და დაამატა — "დღეს უკვე მესამედ მიმდინარეობს ამ მეტროსადგურის რეაბილიტაცია. თუმცა, დღეს უფრო მსხვილმასშტაბიან კორუფციულ სქემასთან გვაქვს შეხება. ამჯერად მხოლოდ პროექტირებისთვისაა გამოყოფილი ნახევარ მილიონ ლარზე მეტი — 530,992 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა არ მოიცავს სამშენებლო ხარჯს, რაც ბუნებრივია პროექტის საერთო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გაზრდის".

ლელოს მერობის კანდიდატმა გამოსავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ გამჭვირვალე მართვა, კორუფციის დამარცხება, კონკრეტული ტენდერები და არა — პირდაპირი შესყიდვები, პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტის დაცვაა გამოსავალი.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ისაუბრა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა გულიკო ზუმბაძემ.

"დღემდე გაკეთებული საქმის მიღმა, დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები. ადამიანებს არ აქვთ დაცულობის შეგრძნება. მილიონობით ლარი დაიხარჯა იმ საქმეში, რომელიც არ გაუკეთებიათ და თანხის იგივე ოდენობას ხარჯავენ ახლა, რაც კორუფციაზე მიუთითებს", — აღნიშნა ზუმბაძემ.