ლიმერიკის უნივერსიტეტის (UL) პრესრელიზის მიხედვით, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ახალი მოლეკულა აღმოაჩინა, რომელმაც, შესაძლოა, ყველაზე სწრაფ კომპიუტერებში სიჩქარისა და ეფექტიანობის გაზრდა გახადოს შესაძლებელი.

ეს მოლეკულა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, განავითარონ ახალი ტიპის ულტრა-სწრაფი და ენერგო-ეფექტიანი გამოთვლითი არქიტექტურა, რომელსაც მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება ინტერნეტზე, ხელოვნურ ინტელექტსა და გამოთვლითი სამყაროს სხვა სფეროებზე.

კვლევის ფარგლებში, ლიმერიკის უნივერსიტეტის განმარტებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ 77 ატომისგან შემდგარი მოლეკულა ისე იქცევა, როგორც "ახალი ფუნდამენტური ელექტრული წრედის ელემენტი, რომელშიც რთული ლოგიკა ნანომასშტაბის მასალის თვისებებშია დაშიფრული". გუნდმა თავიანთი ტვინით-შთაგონებული გამოთვლითი არქიტექტურა ამ მოლეკულებისგან გაზრდილ რბილ კრისტალებზე ექსპერიმენტების ჩატარებითა და მათი ელექტრული თვისებების ანალიზით შეძლო.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევაში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ მივიდა ამ აღმოჩენამდე UL-ის ფიზიკის პროფესორი, დემიენ ტომპსონი ირლანდიის მაღალი შესაძლებლობების მქონე გამოთვლითი სუპერკომპიუტერით შექმნილი სიმულაციების საშუალებით.

სიმულაციებმა აჩვენა, რომ მოლეკულას, თავისი ლითონურ-ორგანული ბმების ბუნებრივი ასიმეტრიის წყალობით, სწრაფად და მაღალი სიზუსტით შეუძლია სხვადასხვა მდგომარეობებს შორის გადართვა და ულტრა-სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა. "ასეთი მოლეკულური წრედების საშუალებით კომპიუტერში საჭირო აღარ იქნება მონაცემების მოპოვება ყოველი მოქმედების შესრულებისას, ეს კი ძალიან დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავს", — განმარტავს ტომპსონი.

"ქსელში უდიდესი რაოდენობის პატარა იდენტური მოლეკულური პროცესორები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და პარალელურად მუშაობენ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ ახასიათებთ სიჭარბე და ხელახალი კონფიგურაციის უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა პრობლემის გადაჭრას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ინდივიდუალური კომპონენტები ყოველთვის ზუსტად ერთნაირად, ან საკმარისად კარგად ვერ იმუშავებენ", — დასძინა ტომპსონმა.

ტვინით-შთაგონებულ გამოთვლებს უდიდესი პოტენციალი აქვთ, რომ ჩვენი ურთიერთობა კომპიუტერებთან, რობოტებთან და ხელოვნურ ინტელექტთან სრულიად შეცვალონ. მაგალითად, 2019 წელს ნეირომეცნიერების გუნდმა კოლორადო ბაულდერის უნივერსიტეტიდან ტვინით-შთაგონებული კომპიუტერი წარადგინა, რომელსაც ემოციების კითხვა და იმის თქმა შეეძლო, ესა თუ ის სურათი კარგი განწყობის მატარებელი იყო თუ სევდიანის.

პროფესორი ტომპსონის განმარტებით, მისი გუნდის ახალი წრედის ელემენტებმა შესაძლებელი უნდა გახადოს უფრო სწრაფი, პატარა ზომისა და ენერგო-ეფექტიანი კომპიუტერების შექმნა. ამით კი დიდი შანსია ხელი შეუწყონ მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩვენს ყოველდღიურად მზარდი მონაცემების მსოფლიოში.