საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით, 6-9 სექტემბერს აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა. უწყების ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერმინიტრთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს პარლამენტშიც გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებენ.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან", — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, აღნიშნავენ, რომ ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.