საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი TV პირველზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ბრალდებას სულელურს უწოდებს. "ვის რაში სჭირდება თქვენი სერვერი, საერთოდ", — ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა დასმულ კითხვაზე ჟურნალისტს.

"თქვენ ხართ Real TV ჩვეულებრივი, ისეთივე, როგორიც იყო 2012 წელს ვანო მერაბიშვილის ტელევიზია, დღეს, რა თქმა უნდა, თქვენი მმართველი არის სააკაშვილი, ხაზარაძე და წერეთელი, მაგრამ თქვენ ხართ, ჩვეულებრივ, ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია, რეალ ტივი, იგივე სტილში მუშაობთ, ფალსიფიკაცია, გაყალბება, ფაბრიკაცია, ეს არის თქვენი ხელწერა", — ამბობს ღარიბაშვილი.

TV პირველის განცხადებით, დღეს ტელევიზიის ცენტრალური სერვერი გაითიშა, რის გამოც ეთერში საინფორმაციო გამოშვება ვერ გადიოდა და მაუწყებლობა პარალიზებული იყო.

ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ მათი ცენტრალური სერვერი დილით, 4:31 წუთზე გაითიშა.