პოლიტიკოსების ქონება საზოგადოების ინტერესის საგანს ყოველთვის წარმოადგენდა. ადამიანებს აინტერესებთ, რა ქონებას ფლობენ ისინი, ვინც მათთვის არჩევნებზე ნდობის გამოცხადებას ითხოვენ. სწორედ ამიტომ, On.ge დაინტერესდა მერობის კანდიდატების ქონებრივი დეკლარაციებით და ქართული ოცნების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლების საჯარო დოკუმენტები შეისწავლა.

სტატიის მომდევნო ნაწილში ოპოზიციის იმ კანდიდატების შესახებ გიყვებით, რომლებსაც ამა თუ იმ პერიოდში საჯარო სექსტორში მუშაობის გამო, დეკლარაციების შევსების ვალდებულება ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ქონების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

ნიკანორ მელია

ნიკანორ მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატია. ის თბილისის მერობისთვის იბრძვის. მელიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 31 დეკემბერს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, მელია თბილისში მდებარე ორ ბინას ფლობს. მათ შორის ერთი 2009 წელს შეიძინა და 80 000 ლარი გადაიხადა, ხოლო მეორე 2011 წელს იყიდა და მის სანაცვლოდ 180 000 დოლარი გაიღო. ამასთან, მის თანამფლობელობაშია (15%) ავტოფარეხი — ეს უძრავი ქონება მელიას 2009 წელს აქვს შეძენილი, თუმცა გადახდილი თანხის ოდენობად 0 ლარი არის მითითებული.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მელიას სახელფასო და მიმდინარე ანგარიშებზე ჯამურად 31 519 ლარი ირიცხებოდა. ამასთან, დოკუმენტში მელიას მითითებული აქვს, რომ დეკლარაციის შევსებისას 8 000 დოლარის ნაღდი ფულადი სახის დანაზოგს ფლობდა.

როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ნიკანორ მელიას 2019 წელს საქართველოს პარლამენტში დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ ხელფასის სახით 46 549 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2019 წელს მელიას საკუთარმა მამამ, ანზორ მელიამ 10 000 დოლარი აჩუქა.

გიორგი გახარია

ოპოზიციის კანდიდატებს შორის მოხვდა ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 18 აპრილს შეავსო.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, გახარიას მფლობელობაშია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 2 290 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ყოფილმა პრემიერმა 2020 წელს განვადებით შეიძინა — ამ უძრავი ქონების ღირებულება ჯამში 85 000 ლარია, თუმცა გახარია მას სამ ეტაპად დაფარავს. 2020 წელს მან ამ მიწის ნაკვეთისთვის მხოლოდ ნაწილი, 25 000 ლარი გადაიხადა.

გიორგი გახარიას ცოლის, მარიკა ფანცულაიას საკუთრებაშია 83 კვ.მ-ის ბინა საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში — ეს ქონება ყოფილი პრემიერის ოჯახმა 2020 წელს 472 400 ევროდ შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით, ბინა დანაზოგითაა ნაყიდი.

გარდა ამისა, მარიკა ფანცულაია 2016 წლიდან ფლობს Toyota RAV 4-ის ფირმის ავტომანქანას, რომელშიც 22 000 დოლარია გადახდილი.

საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელს გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერმინისტრად მუშაობისას ბიუჯეტიდან 41 004 ლარის ხელფასი აიღო. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის გახარიას ყველა საბანკო ანგარიშზე ჯამურად 14 419 ლარი ირიცხებოდა. რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ცოლის სახელფასო ანაზღაურებას, ირკვევა, რომ მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს ავერსის კლინიკაში ექიმად მუშაობისას 11 084 ლარის ანაზღაურება მიიღო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს გახარიას ცოლმა 20 309 დოლარის სადეპოზიტო სარგებელი მიიღო. როგორც უკვე აღინიშნა, ამ დანაზოგით ოჯახმა პარიზში მდებარე ბინა შეიძინა.

ქონებრივი დეკლარაცია ხარჯების ნაწილსაც მოიცავს, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 მარიკა ფანცულაიამ უძრავი ქონების ქირავნობის სანაცვლოდ 39 000 ლარი დახარჯა. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს, გახარიამ და მისმა ცოლმა შვილის სწავლის საფასური — 3 660 ევრო გადაიხადეს.

ანა დოლიძე

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძვის. მან ქონებრივი დეკლარაცია ჯერ კიდევ მაშინ შეავსო, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა — დოკუმენტი 2020 წლის 25 აგვისტოთი თარიღდება.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დოლიძე დედაქალაქში ბინასა და საცხოვრებელ სახლს ფლობს. ბინა შეძენილია 2003 წელს, თუმცა გადახდილი თანხის ოდენობა არ არის მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, დოლიძეს საცხოვრებელი სახლი 2016 წელს აქვს ნაყიდი, რომელშიც 140 000 ლარი აქვს გადახდილი.

დოკუმენტის შევსების პერიოდისთვის ანა დოლიძის საბანკო ანგარიშებზე 827 ლარი იყო განთავსებული, ხოლო ნაღდი ფულის სახით დოლიძე 4 000 ლარს ფლობდა.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, 2019 წლის განმავლობაში დოლიძემ აკადემიური საქმიანობიდან ხელფასის სახით 15 198 ლარი და 5 050 960 ყაზახური ტენგე მიიღო (დაახლოებით 37 000 ლარი). გარდა ამისა, 2019 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის სანაცვლოდ დოლიძემ 70 842 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, დოლიძემ 2019 წელს სესხის მომსახურების სანაცვლოდ 25 372 ლარი გაიღო. გარდა ამისა, იმავე პერიოდში დოლიძემ საკუთარი შვილის სწავლის საფასური — 3 000 ლარი გადაიხადა.

კობა ნაყოფია

კობა ნაყოფია პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. ის ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული კანდიდატია და სენაკის მერობისთვის იბრძვის. ნაყოფიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 29 ივლისს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, კობა ნაყოფია ფლობს ბინის 50%-ს ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელიც 1995 წელს 50 000 დოლარად შეიძინა. ამავე წელს აქვს ნაყიდი ნაყოფიას მოსკოვში მდებარე ბინაც, რომელშიც 56 000 დოლარი აქვს გადახდილი. გარდა ამისა, ნაყოფია თბილისში ფლობს ორ ბინას — მათში გადახდილი თანხა 650 000 დოლარს უტოლდება. თბილისში მდებარე ორივე ბინას აქვს საკუთარი ავტოფარეხი, რომლებშიც ჯამურად 22 000 დოლარია გადახდილი. ამასთან, ნაყოფიას აქვს მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელ სახლი გალის რაიონში.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ ნაყოფიას საკუთრებაშია Mercedes-ის მარკის ავტომობილი, რომელშიც მან 2010 წელს 95 000 ევრო გადაიხადა. გარდა ამისა, ის ფლობს ლადო გუდიაშვილის ორ ფერწერულ ტილოს, რომელთა ყიდვის სანაცვლოდაც 2006 წელს ჯამურად 50 000 დოლარია გადახდილი.

დოკუმენტის შევსების მომენტისთვის, ნაყოფიას საბანკო ანგარიშებზე 47 501 ლარი, 1 679 დოლარი და 4 180 უკრაინული გრივნა იყო განთავსებული. გარდა ამისა, დეკლარაციის შევსებისას, მისი ოვერდრაფტის ანგარიშის ნაშთი 12 259 დოლარს შეადგენდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ნაყოფია ფლობდა 10 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულადი სახის დანაზოგს.

ნაყოფიას ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2020 წელს პარლამენტში დეპუტატად მუშაობის პერიოდში 49 985 ლარის ოდენობის ხელფასი აქვს აღებული. ამასთან, სხვადასხვა სესხისა და ოვერდრაფტის მომსახურებისთვის გასულ წელს ნაყოფიას ხარჯებმა 31 738 ლარი და 3 527 დოლარი შეადგინა.

ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრია. ის ნაციონალური მოძრაობის სახელით მერობისთვის მცხეთაში იბრძვის. უდუმაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 10 თებერვალს შეავსო.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული, ზაალ უდუმაშვილი ბინას, აგარაკს, საცხოვრებელ სახლსა და მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთს ფლობს. ყველა ეს უძრავი ქონება 2009 წლამდეა შეძენილი მათი ყიდვის სანაცვლოდ 78 400 ლარია გადახდილი.

უდუმაშვილი ფლობს Hyundai-ს მარკის მსუბუქ ავტომანქანასაც, რომლის ყიდვის სანაცვლოდაც მან 2019 წელს 30 000 ლარი გადაიხადა.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, ზაალ უდუმაშვილი ფლობს ლიბერთი ბანკის 66 000 ერთეულ აქციას, რომლის შეძენის სანაცვლოდაც 2009 წელს 3 498 ლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციის შევსების მონეტისთვის უდუმაშვილის დანაზოგი 30 000 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე ჯამურად 387 ლარი და 100 დოლარი ირიცხებოდა.

ზვიად ტეფნაძე

ზვიად ტეფნაძემ ქართული ოცნება ივლისში დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. მანამდე ის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობდა. სწორედ გახარიამ წარადგინა ტეფნაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მან დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 18 იანვარს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, ტეფნაძე ფლობს თბილისში მდებარე ბინას, რომელიც 2010 წელს 60 000 დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, მის მფლობელობაშია დედაქალაქში მდებარე 600 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთიც, რომლის ყიდვის სანაცვლოდაც ტეფნაძეს 20 000 დოლარი აქვს გადახდილი. ზვიად ტეფნაძეს ხაშურშიც აქვს მიწის ნაკვეთები, რომელთა ჯამური ფართობი 191 440 კვ.მ-ია. ამისთვის მან სხვადასხვა დროს მას 36 000 ლარი აქვს გადახდილი.

ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ზვიად ტეფნაძე ფლობს Toyota-ს მარკის ავტომობილს, რომელიც მან 37 000 დოლარის სანაცვლოდ 2020 წელს შეიძინა.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ტეფნაძის საბანკო ანგარიშზე 1 950 ლარი იყო განთავსებული.

რაც შეეხება მის სახელფასო შემოსავალს, როგორც დოკუმენტშია მითითებული, ზვიად ტეფნაძემ 2020 წელს ხაშურის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში 15 993 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღო.

ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე ქუთაისის მერობისთვის იბრძვის. ის საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. დეკანოიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 11 თებერვალს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, ხატია დეკანოიძე ფლობს სამ ბინას, საიდანაც ერთი ნაჩუქარია. დანარჩენი ორი ბინის ყიდვის სანაცვლოდ კი დეკანოიძეს 2005 და 2010 წლებში 105 000 დოლარი აქვს გადახდილი. მერობის კანდიდატს მცხეთა აქვს მიწის ნაკვეთიც, რომელშიც მან 2009 წელს 8 000 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, დეკანოიძის საბანკო ანგარიშებზე ჯამურად 1 946 ლარი ირიცხებოდა. გარდა ამისა, მას მითითებული აქვს ისიც, რომ ამ დროისთვის 10 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის სახით დანაზოგს ფლობდა.

რაც შეეხება მის ხარჯებს, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2020 წელს ხატია დეკანოიძემ შვილის სწავლის საფასური, 6 000 ლარი გადაიხადა.

გიორგი კირთაძე

გიორგი კირთაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული კანდიდატია და ბათუმის მერობისთვის იბრძვის. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის 13 თებერვალს შეავსო.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, გიორგი კირთაძეს აქვს ბინა ბათუმში, რომელიც მან 2010 წელს 37 020 დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, მის მფლობელობაშია ხელვაჩაურში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა შეძენის სანაცვლოდაც 2016 წელს 2 500 დოლარია გადახდილი.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, კირთაძის ცოლის, სოფიო მოისწრაფიშვილის სახელფასო ანგარიშზე 100 ლარი იყო განთავსებული. მას 2020 წელს აჭარის სამუზეუმო გაერთიანებაში სპეციალისტად მუშაობის პერიოდში 4 800 ლარის სახელფასო შემოსავალი აქვს მიღებული.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კირთაძემ 2020 წელს იპოთეკური სესხი აიღო, საიდანაც 42 925 დოლარის შემოსავალი დაუფიქსირდა.


თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილს ზოგიერთ ქალაქში მერობის შეთანხმებული კანდიდატი ჰყავს წარდგენილი. ვის გამოუცხადებს ნდობას ამომრჩეველი, 2 ოქტომბერს გახდება ცნობილი.