პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მძიმე დანაშაულების, შეცდომების თუ გადაცდომების შემდეგ უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომელმაც ასწავლა, "ჩააცვა, დაახურა" და ენდო.

"გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის, დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან გამოჩენილი ასეთი ნდობა, როცა კაცი არავინ არ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან და დანიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა მოგცეს, ამდენი რაღაც გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს რომ იტყვიან.... დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც რვა წელი იყო და გუნდი, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულების, შეცდომების თუ გადაცდომების შემდეგ", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ გახარია ისეთი იყო, როგორც მოიხსენიებენ კრიტიკის დროს, რატომ დანიშნა ქართულმა ოცნებამ არაერთ თანამდებობაზე.

"როგორ ფიქრობთ, გახარიას ჩავაბარეთ ყველაფერი? ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მთელი პარლამენტი, უმრავლესობა, პარტია და ჩვენ კოლექტიურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს", — აცხადებს ის.

კითხვას გახარიას განცხადების შესახებ, რომ ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდოდა და მან თავდაცვის მინისტრად დანიშნა, პრემიერმინისტრმა ასე უპასუხა:

"ჯერ ერთი მაგას არავინ ეკითხებოდა მე სად დავინიშნებოდი და მეორეც, მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად, მე ჯერ კიდევ რვა წლის წინ ვიყავი შს მინისტრი, მე არაფერი გამკვირვებია და ეს მისი ინტერპრეტაციებია", — ამბობს ღარიბაშვილი.

გუშინ, ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მისი გადაწყვეტილება იყო, რადგან თვლიდა, რომ ის იმაზე უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, ვიდრე შს მინისტრი.

ღარიბაშვილს აქამდეც აქვს ნათქვამი, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია 2012 წლის არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა, იგი მოსკოვიდან ჩამოვიდა და შემდეგ "ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში".