თბილისი პრაიდის დამფუძნებლის, გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. როგორც თაბაგარი ჰყვება, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისა და ქუჩაში ძალადობის შემდეგ, როცა სახელმწიფომ შვიდობიანი მოქალაქეების ვერ დაიცვა, პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ზარალის აღწერისთვის და საგამოძიებო მოქმედებებისთვის დარბეული ოფისის კარის გაღება სურდათ. თაბაგარის თქმით, ამ დროს მოძალადეებისგან თავის დაცვის მიზნით უკვე მეოთხე სივრციდან მიდიოდნენ. ის ამბობს, რომ პოლიციელს აგინა და ადმინისტრაციული საქმისწარმოებაც ამის გამო დაიწყო.

"2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე, რომ დავათვალიეროთო. არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას", — აცხადებს თაბაგარი.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დასჯილები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ ადამიანის უფლებათა ცენტრს, სადაც, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა