სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს, რამდენად კანონიერად დაარეგისტრირა მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცრის მეორე დოზაზე.

"2021 წლის 3 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტით და ამავე ფაქტზე მოქალაქეთა მომართვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, ჟურნალისტმა პრემიერმინისტრი დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზის გაკეთების მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება", — აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ თანხმობის გარეშე აცრაზე ადამიანების "თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა პირთა უფლებების დარღვევა და ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას".

გუშინ, 3 სექტემბერს, ნიკა გვარამიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პრემიერმინისტრს მიმართვდა, რომ მეორე დოზაზე დაარეგისტრირა და დროულად მისულიყო. მისი თქმით, აცრის გადასაღებად კამერებითაც აუცილებლად მივიდოდნენ. გვარამიამ პოსტს რეგისტრაციის ამსახველი ფოტოც დაურთო.

ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ის პირველი დოზით 8 აგვისტოს აიცრა. მანამდე მას არაერთხელ შეახსენეს, რომ აუცრელი იყო. ამას დაერთო კრიტიკაც რეკომენდაციების დარღვევით ქეიფის გამო.