სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გარანტიას იძლევა, რომ თუ ქართული ოცნება 2 ოქტომბრის არჩევნებში 43%-ზე დაბალს აიღებს, რიგგარეშე არჩევნები იქნება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქართული ოცნება თუ 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ასეთ შემთხვევაში, რიგ გარეშე არჩევნები დაინიშნება. როგორ? ამას ხალხის ხმა უნდა, ამ არჩევნებზე მოსვლა უნდა. დასავლეთსაც სჭირდება საქართველოს მოქალაქეების ხმა. ჩვენ, მე, გრიგოლმა, რაც არ უნდა ვირბინოთ ელჩებთან, ჩვენს მოკავშირეებთან და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ყველაფერი", — განაცხადა მან.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შეიქმნა, ითვალისწინებდა რიგგარეშე არჩევნებს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი 2 ოქტომბერს 43%-ზე ნაკლებს აიღებდა. 28 ივლისს ქართული ოცნება შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ახლა ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება.

გაიგეთ მეტი: