ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, სალომე ღონღაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მისი გადაყენების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეიდან კომისიას ომარი შველიძე უხელმძღვანელებს. მუნიციპალიტეტის ცნობით, წარმომადგენლობითმა ორგანომ დღეს, 3 სექტემბერს სალომე ღონღაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხარი დაუჭირა.

25 აგვისტოს პარტიამ საქართველოსთვის სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ღონღაძემ მუქარასა და ზეწოლაზე ისაუბრა. მან ქართული ოცნების დატოვებისა და ექსპრემიერის პარტიაში გადასვლის გადაწყვეტილება 23 აგვიტოს გაასაჯაროვა. ღონღაძის თქმით, შეუთვალეს, რომ შეწყვიტოს გუნდის ფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ არა თუ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის დატოვებაც მოუწევს.

პირველ სექტემბერს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყოს იმაზე, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან კავშირის გამო 62 ადამიანის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა. ომბუდსმენის ცნობით, დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.

გახარიას პარტიის წევრებს არაერთხელ უსაუბრიათ მათთან დაახლოებული პირების მიმართ ზეწოლაზე. 23 აგვისტოს პარტია საქართველოსთვის ბათუმის მერობის კანდიდატმა, ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები ფულს სთავაზობდნენ პარტია საქართველოსთვის კანდიდატებს, რათა წარდგენის შემდეგ პარტია დაეტოვებინათ.