კანიე ვესტის ახალმა ალბომმა Donda-მ საზოგადოების გარდა, ანიმაციის გმირის — გოჭი პეპას ყურადღებაც მიიქცია. ამის მიზეზი პლატფორმა Pitchfork-ის შეფასებები გახდა. Pitchfork-მა კანიეს ახალი ალბომი 6 ქულით შეაფასა, ხოლო გოჭი პეპას ალბომი, სახელად Peppa’s Adventures: The Album — 6,5 ქულით.

აღნიშნული განსხვავება საზოგადოებას, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია. აღმოჩენის სხვებისთვის გასაზიარებლად ტვიტერის მომხმარებლებმა ალბომების შეფასების სქრინები დადეს. ცოტა ხანში სქრინებს გოჭი პეპას ოფიციალური ტვიტერიც გამოეხმაურა.

"პეპას იმ 0,5 ქულის ასაღებად მერსედეს-ბენცის სტადიონზე ალბომის მოსასმენად გამართული წვეულებების მასპინძლობა არ დასჭირვებია", — ვკითხულობთ ტვიტში.

რამდენიმე საათის შემდეგ ტვიტი წაიშალა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გოჭი პეპას ალბომი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა. 2019 წელს, როცა პეპამ პირველი ალბომი გამოუშვა, საზოგადოებამ ხუმრობით გადაწყვიტა, რომ ალბომისთვის მოესმინა. საბოლოოდ ხუმრობა იმაში გადაიზარდა, რომ Spotify-ზე პეპას ახალ ალბომს უამრავი ადამიანი უსმენდა, რის გამოც პეპას მსგავსი არტისტების განყოფილებას საბავშვოს ნამდვილად ვერ უწოდებდით.

ამის შემდეგ გოჭი პეპა პოპკულტურის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. პეპას ალბომის სხვა არტისტების ალბომებთან შესადარებლად ტვიტერზე ცალკე ანგარიშიც კია შექმნილი.