ძლიერი წვიმის შედეგად დასავლეთ საქართველოში, ქალაქებსა და სოფლებში სახლები და სარდაფები დაიტბორა, დაზიანდა მოსავალი და სახლის სახურავები.

ხობის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად სავარგულები და ეზოები დაიტბორა, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

იგივე მდგომარეობაა სოფელ ჭალადიდშიც. ადგილობრივების თქმით, წვიმამ მოსავალი დააზიანა. ისინი დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ არხის გაწმენდას პირდებოდნენ, თუმცა შედეგს ვერ ხედავენ.

ძლიერ წვიმას ებრძვიან წალენჯიხაშიც. წალენჯიხის მერიის ცნობით, სოფელ ლიაში სტიქიამ ადგილობრივის საცხოვრებელი დააზიანა. წვიმამ და ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი ახადა, შედეგად ეზოში მყოფი ავტომობილებიც დაზიანდა.

რთული მდგომარეობაა ფოთშიც. დატბორილია ქუჩები და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. ფოთის ერთ-ერთი მაცხოვრებელი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

სტიქიაა აჭარაშიც. ძლიერი წვიმაა ურეკსა და ბათუმში. ადგილობრივის თქმით, გზები გააკეთეს, მაგრამ სანიაღვრე არხები — არა. მისივე თქმით, ყოველ წელს ასეთი მდგომარეობაა.

"ერთი წელი არ არის ეს ქალბატონო, უკვე დავიღალე, ამის გამო მეც გაციებული ვარ, ერთი თვეა ვმკურნალობ, რა გავაკეთო, კორონას მოვუკლივარ თუ გრიპს მოვუკლივარ მითხარი ერთი მნიშვნელობა რა აქვს ჩემთვის, რა აზრი აქვს. რომ დამდგარან და კაკანებენ მარტო პარლამენტში, გამოვიდნენ აქ, ნახონ აქ ხალხი რა დღეშია", — ამბობს ურეკის მაცხოვრებელი TV პირველთან.

მომხმარებლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქობულეთში ქარბორბალაა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი ახადა.

უამინდობას ებრძვიან იმერეთშიც. სამტრედიაში ძლიერი წვიმის შედეგად, სახლებში ფეკალური მასები შევიდა. როგორც ადგილობრივმა მთავართან განაცხადა, 10 წელია მსგავს მდგომარეობაში არიან და დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ.