ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ხანგრძლივი ტესტირების პროცესი დასრულებულია. მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორია სამყაროს გამოსაკვლევად მზადაა. მას დედამიწიდან მიმდინარე წლის ბოლოს გაუშვებენ.

ასტრონომიული ხელსაწყოთი, რომლის შექმნაზეც მუშაობა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყეს, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ჩანაცვლებას გეგმავენ. NASA-ს, ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის ფარგლებში მის გაშვებას თავდაპირველად 2007 წელს აპირებდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსამზადებელი პერიოდი ამ დრომდე გაიწელა. ახლა კი, სპეციალისტები მიზანს საბოლოოდ მიუახლოვდნენ.

ამერიკული კომპანიის Northrop Grumman კუთვნილ დაწესებულებებში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ამა თუ იმ კომპონენტს ინჟინრები დიდი ხნის განმავლობაში ცდიდნენ. მასშტაბური ტესტირების მიზანი იმაში დარწმუნება იყო, რომ ის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გამართულად იფუნქციონირებს და დაკისრებულ მოვალეობას ხარვეზების გარეშე შეასრულებს. ამჟამად მეცნიერთა მთავარი ამოცანა მისი უსაფრთხო ტრანსპორტირებაა. ობსერვატორიას პანამის არხის გავლით საფრანგეთის გვიანას ქალაქ კურუში ჩაიტანენ. სწორედ იქ მდებარეობს კოსმოდრომი, საიდანაც მას გაგზავნიან.

ტელესკოპს კოსმოსში ESA-ს რაკეტა Ariane 5 გაიყვანს. თუმცა, ამ უკანასკნელზე მიმაგრებამდე, შეამოწმებენ, მგზავრობისას რომელიმე ნაწილი ხომ არ დაზიანდა, ავზებს საწვავით აავსებენ, სხვადასხვა ინსტრუმენტს სპეციალურ საფარს მოხსნიან და ა.შ. ხელსაწყო აპარატს აფრენიდან 26 წუთში ჩამოშორდება და დამოუკიდებლად განაგრძობს სვლას. ამის შემდეგ, მისი მზის პანელი, სარკეები და გამოსხივებისგან დამცავი ფარი ავტომატურად გაიშლება, მომდევნო 6 თვე კი კვლევით რეჟიმში გადასვლას დაეთმობა.

გაშვებიდან 1 თვეში ტელესკოპი დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს, რომელიც დედამიწისგან 1.5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და საკუთარ ორბიტაზე განლაგდება. იქიდან ის ჩვენს მზის სისტემას, ასევე, შორეულ კოსმოსში არსებულ ვარსკვლავებს, გალაქტიკებსა თუ სხვა სტრუქტურებს დააკვირდება და სამყაროს შესახებ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე