ქვეყანაში კვლავ მაღალი ინფლაციაა. საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,8% იყო — ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ფასების დონის ზრდის მაქსიმალური მონაცემია.

წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ ხარჯებზე ფასების ზრდამ მოახდინა. ფასები გაზრდილია ჯანდაცვის სექტორშიც, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების სფეროშიც.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში 10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქციდან 8 სურსათს მიეკუთვნება. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16,2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,09 პროცენტული პუნქტით აისახა.

ასეთია იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც აგვისტოში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. ბადრიჯანი — გაძვირდა 139,2%-ით;
  2. კიტრი — გაძვირდა 110,4%-ით;
  3. ჭარხალი — გაძვირდა 108,3%-ით;
  4. მზესუმზირის ზეთი — გაძვირდა 83%-ით;
  5. სტაფილო — გაძვირდა 83%-ით;
  6. კომბოსტო — გაძვირდა 80,3%-ით;
  7. წიწაკა — გაძვირდა 60,2%-ით;
  8. თერმომეტრი — გაძვირდა 58,5%-ით;
  9. ატამი — გაძვირდა 57,7%-ით;
  10. ლურსმანი — გაძვირდა 53,1%-ით;

გარდა ამისა, ფასები მომატებულია კიდევ 258 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, გაიაფდა 28 დასახელების პროდუქტი.

შეგახსენებთ, რომ ივლისში წლიური ინფლაციის დონე 11,9%, ივნისში — 9,9%, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2% იყო.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დარეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც 140 100 ადამიანს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოში 2021 წლის ბოლოს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 9,4% იქნება, ხოლო მიმდინარე წლის ინფლაციის საშუალო დონე 7,3%-ს მიაღწევს.

გაიგეთ მეტი: