პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე, პარტიის დამფუძნებლის შვილი ბერა ივანიშვილი აქო. კუჭავას თქმით, ბერამ "წარმოუდგენელი ჟესტი" განახორციელა, როდესაც ამაზონის ჟუნგლებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად თანხა გადარიცხა და მას არ ახსენდება სხვა ქართველი, ვინც ასე მოქცეულა.

"ყველას კარგად გვახსოვს ის წარმოუდგენელი ჟესტი ბერა ივანიშვილის, რომელმაც ამაზონის ტყეებში გადარიცხა თანხები და ამით უდიდესი როლი და წვლილი შეიტანა ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მხრიდან იყო ამ უდიდესი ტრაგედიის წინააღმდეგ ბრძოლისა, რასაც ერქვა მსოფლიოს ფილტვებში გაჩენილი ხანძარი და მის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ გახსენდებათ რომელიმე სხვა ქართველი, ვისაც მსგავსი საქმე გაეკეთებინოს, მე მეეჭვება", — განაცხადა კუჭავამ.

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საქველმოქმედო ორგანიზაციას 1,1 მილიონი დოლარი გადაურიცხა.