Digitimes-ის მიერ მოპოვებული ახალი ცნობების თანახმად, Apple ავტომობილების მასიური წარმოების დაწყებას 2024 წლისთვის გეგმავს. Digitimes-ის თქმით, Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს აზიელ მომწოდებლებთან, როგორიცაა Toyota, LG და SK Group.

Apple Car-ის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია დადის. შარშან ითქვა, რომ ეფლი Kia-სთან- და Hyundai-სთან თანამშრომლობდა, თუმცა მაშინ მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი მოლაპარაკებები ჩაიშალა. Apple Car-ზე ფიქრი ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2015 წელს დაიწყო, შემდეგ, უკვე 2017 წელს ისინი ავტონომიური მართვის სისტემების განვითარებაზე გადაერთვნენ, ხოლო 2019 წლიდან წარმოების დაწყებაზე ფიქრი ისევ განახლდა.

აქვე, აღსანიშნია, რომ როდესაც საქმე დროების ზუსტად გამოცნობას ეხება, Digitimes საუკეთესო წყარო ნამდვილად არ არის. Apple Car-ის პროექტი ჯერ მხოლოდ იდეურად არსებობს და ნაკლებსავარაუდოა, რომ მისი წარმოება მართლაც 3 წელიწადში დაიწყოს.

თუმცა, Apple ავტომობილს ნამდვილად გამოუშვებს, ეს გარდაუვალია. Apple Car-ის პროექტს კომპანია Project Titan-ად მოიხსენიებს. მის შესახებ უკვე იმდენი რამ იწერება, რომ შეუძლებელია ყველაფერი ტყუილი იყოს. მაგალითისთვის, იგივე ინფორმაცია დეკემბერში Reuters-მაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ Apple Car-ის წარმოება მომავალ წლებში დაიწყება და მას ელემენტების რევოლუციური სისტემა ექნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე