პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებაზე მთავარი არხის ჟურნალისტს კითხვას ირონიულად პასუხობს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას დათმობს საქართველო რუსეთთან ურთიერთობის დათბობისთვის და თუნდაც უვიზო მიმოსვლის აღგენის სანაცვლოდ. საპასუხოდ, ღარიბაშვილმა ჟურნალისტს უთხრა, გვარამიასთვის გადაეცა, რომ ევროკავშირისგან "სესხის აღებაზე" უარის თქმის გამო რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს უბრუნებს საქართველოს.

"გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე, ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის", — აცხადებს ღარიბაშვილი.

დღეს ღარიბაშვილმა ჟურნალისტს მთავარი არხის დირექტორთან ასევე დააბარა ეთქვა, რომ ის "გარყვნილების პროპაგანდისტია".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრემიერმინისტრი, ისევე, როგორც ქართული ოცნების სხვა ლიდერები ოპოზიციურ და კრიტიკულ მედიას თავს ესხმიან, კითხვებს არ პასუხობენ ან მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი. დიდი ხნის განმავლობაში ისინი საერთოდ უარს ამბობდნენ მათთან კომუნიკაციაზე, ეთერებში მისვლასა და ინდივიდუალური კომენტარების ჩაწერაზე. გუშინ, 1 სექტემბერს ღარიბაშვილი ისევ დაესხა თავს ოპოზიციურ მედიებს და განაცხადა, რომ მათი ყურება წარმოუდგენელია. ღარიბაშვილის მტკიცებით, ამ არხებს 2 წელია აღარ უყურებს, მაგრამ იქვე ვრცლად საუბრობს მათი მუშაობის სპეფიციკაზე და შიშის დათესვასა და პროპაგანდაში ადანაშაულებს.

მმართველი გუნდი მსგავსი დამოკიდებულების გამო არაერთხელ გააკრიტიკა მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს აძლიერებს პოლარიზაციას და ჟურნალისტებს საფრთხეს უქმნის, რადგანაც ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს.

საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარი თქვა. ამას წინ უძღოდა მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადება, რაც 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნაზე უარის თქმასაც გულისხმობს. ამასთან, დოკუმენტის მოთხოვნაა მართლმსაჯულების რეფორმა მხარეების ჩართულობით, მანამდე კი უზნაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავის შეკავება. ქართულმა ოცნებამ ეს პირობა არ შეასრულა, რის გამოც პარტნიორებისგან არაერთი კრიტიკა მიიღო. მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ Twitter-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც ეს მოთხოვნები ყვითლად იყო მონიშნული. ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".

ამის შემდეგ ქართული ოცნება ამ დახმარების მიღების მიზანშეუწონლობაზე ალაპარაკდა. მათი მტკიცებით, მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ ამ დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს". დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, "მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად".

ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ იცოდა, რომ ევროკავშირს პირობების შეუსრულებლობის გამო დახმარებაზე უარის თქმა ჰქონდა გადაწყვეტილი და თავად დაასწრო უარი. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მაკროფინანსური დახმარება, თუმცა საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. მათი თქმით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

გაიგეთ მეტი: