ირლანდიის სანაპიროსთან მოცურავე კაცი თითქმის 12 საათის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, სანამ სამაშველო დახმარების ბრიგადის ყურადღება ზღვაში დელფინების გუნდმა არ მიიქცია და ასე არ მიაკვლიეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს.

BBC-ის ინფორმაციით, მაშველებმა სწორედ დელფინებს შორის იპოვეს ძალაგამოცლილი კაცი ირლანდიის სოფელ კასლგრეგორის სანაპიროს სიახლოვეს.

"საღამოს ცხრის ნახევარზე მოხალისე სამაშველო ნავის ეკიპაჟმა სანაპიროდან დაახლოებით სამი კილომეტრის მოშორებით დელფინების ერთ ადგილას თავმოყრილი გუნდი შენიშნა და მათი ყურადღება მიიქცია. ასე იპოვეს დელფინებით გარშემორტყმული დაკარგული ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ საღ გონებაზე იყო, სასწრაფოდ ნავში ჩაისვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს", — განაცხადეს სამაშველო სამსახურში.

დაკარგული მოცურავე 30 წელს გადაცილებული კაცი აღმოჩნდა, რომელმაც მაშველებს განუცხადა, რომ სანაპიროზე, სადაც ტანსაცმელი დატოვა, დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ცურვისას დაიღალა და უკან დაბრუნება გაუჭირდა.

მოგვიანებით დადგინდა, რომ ცხოველები, რომლებმაც დაკარგული კაცის გადასარჩენად მაშველების ყურადღება მიიქციეს, ბოთლისცხვირა დელფინები იყვნენ, რომელთა სახეობას შოტლანდიაში ამრავლებენ და 2019 წლის შემდეგ ისინი ირლანდიის სანაპიროსთან აღარ შეუნიშნავთ.

ერთ-ერთი მაშველის განცხადებით, "იქნებ სწორედ დელფინები დაეხმარნენ მას როგორღაც გადარჩენაში, ვინ იცის".