საქართველოს რკინიგზა უკვე მე-5 წელია, რაც წამგებიანი კომპანიაა. მან 2017 წლიდან მოყოლებული ყოველი წელი ზარალით დაასრულა. როგორც კომპანიის ფინანსურ დოკუმენტებშია მითითებული, რკინიგზამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც იზარალა.

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში ასეთია:

  • 2017 წელი — 354,1 მილიონი ლარის ზარალი;
  • 2018 წელი — 716,5 მილიონი ლარის ზარალი;
  • 2019 წელი — 5,6 მილიონი ლარის ზარალი;
  • 2020 წელი — 164 მილიონი ლარის ზარალი;
  • 2021 წლის პირველი ნახევარი — 32 მილიონი ლარის ზარალი.

თუ საქართველოს რკინიგზის მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშგებას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ წელს კომპანიამ 277,6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 32,3 მილიონით აღემატება. სხვა სახის შემოსავლებმა 3,5 მილიონს მიაღწია — ეს მონაცემი 1,4 მილიონით არის შემცირებული.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კომპანიამ ხელფასებისთვის 84,6 მილიონი ლარი გასცა, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის სახელფასო ბიუჯეტს 1,8 მილიონით აღემატება. სხვა საოპერაციო ხარჯების მოცულობა კი ამგვარად განაწილდა:

  • ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი — 35 მილიონი ლარი;
  • ელექტორიენერგიის, საჭირო მასალებისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯი — 21,6 მილიონი ლარი;
  • სხვა სახის საოპერაციო ხარჯები — 46,6 მილიონი ლარი.

როგორც საქართველოს რკინიგზის ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საანგარიშო პერიოდში კომპანიის ზარალი დიდწილად ფინანსური ხარჯების ზრდამ განაპირობა. ეს მონაცემი წლიურად 122,3 მილიონით არის გაზრდილი და 184,2 მილიონი ლარს შეადგენს. ჯამში, როგორც უკვე აღინიშნა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის ზარალმა 32 მილიონ ლარს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ სს საქართველოს რკინიგზა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია.