თეთრ სახლში შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. საერთო განცხადებაში ისინი სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე საუბრობენ, მათ შორის, ახალ ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც აშშ უკრაინას გამოუყოფს.

განცხადების თანახმად, ახალი გამოწვევების შესაბამისად, ორი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის განახლებას აპირებს, რომელიც მოიცავს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივ ძალისხმევას, სტრატეგიული თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას, უკრაინის ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სხვა.

ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ აპირებს უსაფრთხოების მხარდასაჭერად უკრაინას 60 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყოს, რომელიც მოიცავს, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, ჯაველინის და სხვა ტექნიკის მიწოდებას. განცხადების მიხედვით, ამის მიზანია უკრაინამ რუსეთის აგრესიისგან თავი უფრო ეფექტურად დაიცვას.

განცხადებაში აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ბოლომდე დაუჭერს მხარს საერთაშორისო ძალისხმევებს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ყირიმის პლატფორმას.

"ჩვენ ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, კვლავ აიღოს ვალდებულება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ნამდვილად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარებაში ომის დასასრულებლად", — აღნიშნავენ მხარეები.

ამასთან, აშშ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, ყოველგვარი ჩარევისა და გარე ძალების გარეშე, საკუთარი საგარეო პოლიტიკის კურსი თავად აირჩიოს, რაც ასევე მოიცავს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებას.

განცხადებაში საუბარია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის აუცილებლობაზე. ასევე, ხაზგასმულია, რომ უკრაინა ვალდებულია პრიორიტეტი მიანიჭოს რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს სამართლიანობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და უკრაინა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის წინააღმდეგნი რჩებიან და მას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში და აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-მ უკრაინას 2,2 მილიონამდე ვაქცინა აჩუქა.