ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა მელიას მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს, შეუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"ვულოცავ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა მელიას. ბალტიის გამოცდილება ცხადყოფს — ერთადერთი გზა თქვენი სუვერენიტეტისა და თავისუფლების კონსოლიდაციისთვის ევროპული გზაა. საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. სხვაგვარად რომ განვიხილოთ — ეს საშიშია, ალბათ, კრემლის ილუზიაა", — წერს პავილიონისი.

ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. მისივე თქმით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე უარის თქმა და ქართული ოცნების ბოლო განცხადებები არის ღია პოლიტიკური განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე და სწორედ ეს გახდა მათთვის ბიძგი, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ. მელიამ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააახლოებს და შეკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.