დანიის სამეფოს მოქმედი მონარქი, დედოფალი მარგრეტე II, ნეტფლიქსის ახალი ფილმის, Ehrengard-ის, სასცენო დეკორაციების დიზაინერი იქნება. ფილმი დანიელი მწერლის, კარენ ბლიქსენის წიგნს დაეფუძნება.

რომანტიკული ფენტეზის ჟანრის კინოსურათს, რომელშიც მოქმედება ბაბენჰაუზენის ზღაპრულ სამეფოში ხდება, დანიელი რეჟისორი ბილე ავგუსტი გადაიღებს. ავგუსტის გადაღებულია ცნობილი ფილმი, Pelle the Conqueror, რომელმაც 1988 წელს ოქროს პალმის რტო და ოსკარი მიიღო საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმისთვის, ასევე — The Best Intentions, რომელმაც რეჟისორს კიდევ ერთი ოქროს პალმის რტო მოუტანა.

ბილე ავგუსტი და მარგრეტ II

ფოტო: SF Studios

მარგრეტე, რომელიც დანიის სამეფოს ტახტზე 1972 წელს ავიდა, მხატვარი და ილუსტრატორიცაა. არაერთი გამოფენის მოწყობის გარდა, მან ბეჭდების მბრძანებლის დანიური გამოცემისთვის ილუსტრაციებიც კი შექმნა. დედოფალმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ჰანს კრისტიან ანდერსენის ორი ზღაპრის კინოადაპტაციის შექმნაში.

გავრცელებულ განცხადებაში დანიის მონარქი აღნიშნავს, რომ კარენ ბლიქსენის წიგნები ყოველთვის აღაფრთოვანებდა და ძალიან გაუხარდა, როცა ამ პროექტში თავადაც ჩაერთო. 81 წლის მარგრეტეს თქმით, ავტორის სამყაროს გაცოცხლება ფურცლებით და კოსტიუმებით უკვე სცადა, ამიტომ, ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ფილმზე მუშაობას.

Ehrengard-ის პრემიერა 2023 წლისთვისაა დაგეგმილი.