იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველო ისე ახლოს ევროპასთან არასდროს ყოფილა, როგორც დღესაა. ამის შესახებ ბრეგაძემ ვანში, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე თქვა.

"ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებენ დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და თავისუფლად შეგვიძლია იმ პასუხის გაცემა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ევროპასთან ისე ახლოს, როგორც არის დღეს და ამაზე მეტყველებს ფაქტები, რომ თითოეულ თქვენთაგანს, რომლებსაც გაქვთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, შეგიძლიათ შეუზღუდავად წახვიდეთ ევროპაში", — აღნიშნავს ბრეგაძე.

მისივე თქმით, ქართული ოცნება "შესრულებული დანაპირების ქრონოლოგიაა". დღეს მან, ასევე, განაცხადა, რომ ურეკში დაინახა შტადლერის მატარებელი და თავი ევროპაში იგრძნო.

"კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მინდა მოვიყვანო იმისა, თუ რა გაკეთდა და ბუნებრივია, დასკვნები შემდეგ თქვენ გამოიტანეთ. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ურეკში და მივდიოდი ბათუმის მიმართულებით. გავჩერდი შლაგბაუმზე, სადაც ჩაიარა შტადლერის ახალმა მატარებელმა, რომელიც მაქამდე არ იყო და უცებ, გარკვეულწილად, ადამიანი იბნევი, იმიტომ, რომ თავს გრძნობ ნამდვილად ევროპაში, როცა ხედავ ამ მატარებელს".

31 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო თავს შეიკავებს ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის, 75 მილიონი ევროს აღებაზე. ღარიბაშვილმა ეს გადაწყვეტილება საგარეო ვალის შემცირების სურვილით ახსნა. მანამდე, 30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს".

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.