ამერიკელი მსახიობის, ადამ სენდლერის თქმით, ნეტფლიქსმა მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმში ლოკაციისა და სიუჟეტის შეცვლა ითხოვა. სტრიმინგ პლატფორმას სურდა, ლოკაციად ნაწარმოებში ჩინეთის ნაცვლად ესპანეთი ყოფილიყო, რადგან აზიურ ქვეყანაში ნეტფლიქსი ხელმისაწვდომი არაა.

კომედიურ ფილმში Hustle, რომელიც ჯერ არ გამოსულა, სენდლერი კალათბურთის აგენტის როლს ასრულებს. იგი თავისი კარიერის გადასარჩენად ოკეანის მეორე მხარეს ცდილობს, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული კალათბურთელი იპოვოს NBA-სთვის. ფილმის სიუჟეტის ფინალურ ვერსიაში სენდლერის პერსონაჟი ესპანელ მოთამაშეს პოულობს, რომელსაც ნამდვილი კალათბურთელი, ხუანჩო ერმანგომესი განასახიერებს.

"თავდაპირველი სცენარის მიხედვით მოთამაშეს ჩინეთში ვპოულობდი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნეტფლიქსი ჩინეთში არ არის. ამიტომ, ითხოვეს, ბიჭებო, ისე ვერ ვიზამთ, რომ კალათბურთელი ლათინურ ამერიკაში ან ევროპაში ვიპოვოთო?", — გაიხსენა მსახიობმა The Dan Patrick Show-ში, — "მერე კი, თქვენც იცით. მალიორკაში ამოვყავი თავი".

ფოტო: Netflix

მიუხედავად იმისა, რომ ნეტფლიქსი ბევრ აზიურ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, დიდი პოპულარობით სარგებლობს, სტრიმინგ პლატფორმა ჩინეთში ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია. ნეტფლიქსი ასევე არ არის ოკუპირებულ ყირიმში, ჩრდილოეთ კორეასა და სირიაში. გასულ წელს კომპანიის ხელმძღვანელმა, რიდ ჰესტინგსმა განაცხადა, რომ ისინი სულაც არ უმიზნებენ ჩინურ ბაზარს.

"რამდენიმე წლის წინ მივიღეთ ჩინეთის მთავრობისგან უარი, ამიტომ ამ ხნის განმავლობაში ჩინეთში დრო აღარ გაგვიტარებია", — განაცხადა ჰესტინგსმა, — "აზიის დანარჩენ ნაწილში, უფრო კონკრეტულად, ინდოეთში, კორეაში, იაპონიასა და ინდონეზიაში, ჩვენთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს, შემდეგ კი მთელ ევროპასა და ლათინურ ამერიკასაც მოვიცავთ".

Hustle სენდლერისა და ნეტფლიქსის თანამშრომლობით შექმნილი მეშვიდე პროექტია. თანამშრომლობა, რომელიც 2014 წელს დაიწყო, კომპანიის შეფასებით, წარმატებული გამოდგა. ამიტომ, გასულ წელს ნეტფლიქსმა განაცხადა, რომ სენდლერთან ერთად კიდევ ოთხ ფილმს გადაიღებდნენ.