1951 წელს, ვირჯინიის შტატში, თეთრკანიანი მოსამართლეების გასამართლებული 7 შავკანიანი კაცი, რომელსაც ბრალად თეთრკანიანი ქალის გაუპატიურება ედებოდა, სიკვდილით დასაჯეს. გასამართლებიდან 70 წლის შემდეგ სიკვდილით დასჯილები შეიწყალეს.

"მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება არ მიემართება შვიდეულის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ეს [აშშ-ის] თანამეგობრობის აღიარებაა, რომ ისინი შესაბამისი პროცედურის გარეშე გასამართლდნენ და რასობრივი მიკერძოების საფუძველზე, თეთრკანიანი განსასჯელების პრაქტიკისგან განსხვავებით, მიესაჯათ სიკვდილით დასჯა", — განაცხადა 31 აგვისტოს ვირჯინიის გუბერნატორმა, რალფ ნორთემმა.

ცერემონიას, სადაც ნორთემმა შეწყალებებს მოაწერა ხელი, გასამართლებულების შთამომავლებიც ესწრებოდნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამ გადაწყვეტილების მიღებას გასული წლის შემდეგ მოითხოვდნენ.

"სიკვდილი არ დაუმსახურებიათ. გუბერნატორ ნორთემს მათდამი და მათი ოჯახის წევრებისადმი შეწყალება მართებს; უნდა განაცხადოს, რომ ისინი სიკვდილით არ უნდა დასჯილიყვნენ", — ამბობს ჯეიმს გრეისონი, ერთ-ერთი გასამართლებულის შვილი, — "შეცდომის გამოსწორება დაგვიანებული არასდროსაა".

1951 წლის 30 იანვარს დემონსტრანტები თეთრი სახლის წინ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს მოუწოდებენ, გააუქმოს მარტინსვილის შვიდეულის სიკვდილით დასჯის ბრძანება.

ფოტო: Henry Burroughs / AP

"ყველანი ვიმსახურებთ ისეთ სასამართლო სისტემას, რომელიც პატიოსანი, თანასწორობის ქომაგი და მიუკერძოებელია — მიუხედავად იმისა, ვინ ხარ და როგორ გამოიყურები. მადლობელი ვარ ადვოკატებისა და გასამართლებულების ოჯახების, მათი თავდადებისა და შეუპოვრობისთვის", — დასძენს ნორთემი.

ოჯახის წევრების თქმით, მათი ახლობლების დაკითხვა იძულებით, ადვოკატის დასწრების გარეშე წარიმართა, აღიარებები კი ასევე ძალდატანებით, მუქარის საშუალებით მოიპოვეს.

"მარტინსვილის შვიდეულად" წოდებულ გასამართლებულებს — 37 წლის ფრენსის დესეილს გრეისონი, 19 წლის ბუკერ ტ. მილნერს, 19 წლის ფრენკ ჰერსტონ უმცროსს, 18 წლის ჰოუარდ ლი ჰერსტონს, 30 წლის ჯეიმს ლუთერ ჰერსტონს, 19 წლის ჯო ჰენრი ჰემპტონსა და 21 წლის ჯონ კლეიბონ ტეილორს — 1949 წლის 8 იანვარს, მეტწილად შავკანიანებით დასახლებულ უბანში მცხოვრები 32 წლის რუბი სტრაუდ ფლოიდის გაუპატიურება ედებოდათ ბრალად.

ოთხი გასამართლებული 1951 წლის თებერვალში, ელექტროსკამის გამოყენებით დასაჯეს, სამი დღის შემდეგ კი დანარჩენებსაც იგივე ბედი ეწიათ.

სანამ ვირჯინიაში 2021 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა გაუქმდებოდა, აქ ყველა სხვა შტატზე უფრო მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. კვლევების მიხედვით, თუკი დანაშაულის მსხვერპლი თეთრკანიანი იყო, განსასჯელის სიკვდილით დასჯის ალბათობა სამჯერ მეტი იყო, ვიდრე მაშინ, როცა მსხვერპლი შავკანიანი იყო.

1908 წლიდან 1951 წლამდე, გაუპატიურების ბრალდებით სიკვდილით დასჯილი 45 კაციდან ყველა შავკანიანი იყო. 1977 წელს, უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სიკვდილით დასჯა გაუპატიურების დანაშაულზე სასტიკ და შეუფერებელ ზომად განისაზღვრა.

"წარსულს ვერ შევცვლით, თუმცა, დღევანდელი ქმედებებით შეგვიძლია, ცოტაოდენ მშვიდობას მივაღწიოთ", — აღნიშნავს ვირჯინიის გუბერნატორი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნისას უკვე 604-ჯერ მოაწერა ხელი შეწყალებას.