ტრადიციული საქორწილო ფიცები სრული სიმეტრიით გამოირჩევა: ჭირსა და ლხინში, მანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. თუმცა სიყვარული სიმეტრიული სულაც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ჩვენგანი ვერც კი აანალიზებს მის უსწორმასწორობას. საქმე ისაა, რომ ქორწინებასა თუ სხვა სახის ურთიერთობებში გასაჭირს მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ლხინს. ასეა ჩვენი ტვინი მოწყობილი.

ადამიანებს ჩვენს აზრებსა და გრძნობებში გარკვევისგან ის გვაფერხებს, რასაც მკვლევრები ნეგატიურობის ეფექტს უწოდებენ. კერძოდ, ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რომ უარყოფით მოვლენებსა და ემოციებზე უფრო ძლიერად ვრეაგირებდეთ, ვიდრე დადებითზე. მაგალითისთვის, როდესაც ერთდროულად კრიტიკისა და კომპლიმენტების ნაზავი გვესმის, ჩვენ ზედმეტად დიდ დროს ვუთმობთ კრიტიკაზე ნერვიულობას, ნაცვლად იმისა, რომ შექებით დავტკბეთ. ამგვარი დისბალანსი ნეგატიურობისადმი მიკერძოების სახელითაც არის ცნობილი და ეს მექანიზმი ჩვენს ტვინში იმიტომ განვითარდა, რომ ის წარსულში ჩვენს წინაპრებს სასიკვდილო საფრთხეების მიმართ მზადყოფნაში ამყოფებდა. თუმცა ახლა მსგავსი მიკერძოება ძირითად შემთხვევებში ჩვენს პერსპექტივებს ამახინჯებს და უსაფუძვლო ქცევებს იწვევს.

ამგვარად, უმნიშვნელო კონფლიქტმაც კი, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოიტანოს მაშინ, როდესაც უარყოფითი ემოციების ძალა საღ განსჯაზე იმარჯვებს და ისეთი ქმედებების პროვოცირებას იწვევს, რაც პარტნიორისგან კიდევ უფრო მეტად გაუცხოებთ. შესაბამისად, ურთიერთობაში წარმატების შანსი იმ შემთხვევაში გექნებათ, თუკი რაციონალურ გონებას გამოიყენებთ ირაციონალური იმპულსების დასაძლევად. მაგრამ ამის მისაღწევად, პირველ რიგში, საჭიროა გაითავისოთ, თუ რამდენად ძლიერია უარყოფითი ემოცია.

ნეგატიურობის ეფექტი ურთიერთობებში თქვენი პარტნიორის რეალურ თუ წარმოსახვით შეცდომებს გაზვიადებულად წარმოაჩენს. ეს ყველაფერი იმით იწყება, რომ თქვენ თავადაც მიკერძოებული ხართ გადამეტებული შინაგანი თავდაჯერებულობის გამო და გიკვირთ, როგორ ვერ ამჩნევს პარტნიორი თქვენს ღირსებებს. ასე რომ, თავში მუდმივად ერთი შეკითხვა გიტრიალებთ: როგორ შეუძლია თქვენს მეორე ნახევარს ასე ეგოისტურად უმადური იყოს თქვენი იმ ყველა ქმედების მიმართ, რაც კი მისთვის ჩაგიდენიათ. ფაქტობრივად, თქვენ ცდილობთ ამოხსნათ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე თავის ამატკივებელი გამოცანა: რატომ არ გვაფასებენ სხვები?

ფოტო: Charlie Foster / Unsplash

იმ ფსიქოლოგების წყალობით, რომლებიც წყვილების ბედნიერებას იკვლევდნენ, ჩვენ მსგავსი მიკერძოების ამხსნელი გარკვეული პასუხები გვაქვს. უფრო ზუსტად, იმაზე დაყრდნობით, თუ როგორ აფასებდნენ წყვილები თავიანთ კმაყოფილებას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ, ჩვეულებრივ, ქორწინების შემდეგ ურთიერთობები არ უმჯობესდება. შედეგად, წარმატებული ქორწინება განისაზღვრება არა გრძნობების სრულყოფით, არამედ გაუარესების თავიდან აცილებით. თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინება უბედურებაა. მართალია, ძლიერი სიყვარულით გამოწვეული მგზნებარე ემოციები თანდათან ნელდება და ეიფორია, რომელიც ახლად შეყვარებულ წყვილებს აერთიანებს, ათწლეულების განმავლობაში ვერ გასტანს, თუმცა მათი უმეტესობა სიამოვნებას სხვა წყაროებში პოულობს და საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი რჩება. მაგრამ ეს ისეთი კმაყოფილება არაა, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო. და, სამწუხაროდ, ზოგჯერ იმდენად მკვეთრად ეცემა სიამოვნების დონე, რომ ქორწინებას ბოლო ეღება. წყვილების ქმედებებზე გარკვეული დროის განმავლობაში დაკვირვებისა და თვალყურის დევნების საფუძველზე, მკვლევრებმა ურთიერთობების განადგურების შესახებ მოულოდნელი თეორია შეიმუშავეს.

წარმოიდგინეთ, რომ ხვდებით ადამიანს, რომელშიც რაღაც თვისება გაღიზიანებთ; მაგალითად, მფლანგველია, თქვენს მეგობრებს ეფლირტავება ან, სულაც, შუა საუბრისას თქვენს მოსმენას წყვეტს. როგორი იქნება თქვენი რეაქცია?

  1. თვალს დახუჭავთ და იმედი გექნებათ, რომ ყველაფერი გამოსწორდება;
  2. აუხსნით, რა გაწუხებთ და კომპრომისზე იმუშავებთ;
  3. გაიბუტებით, აზრებს თქვენთვის დაიტოვებთ, თუმცა პარტნიორისადმი ემოციურად გაცივდებით;
  4. ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტთ. დაშორებით დაიმუქრებით ან ახალი პარტნიორის ძებნას დაიწყებთ.

ამ პასუხებით შეიქმნა მოდელი, რომელიც კლასიკურ კვლევებში იმის დასადგენად გამოიყენება, თუ როგორ აგვარებენ წყვილები პრობლემებს. კენტუკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ორი ძირითადი სტრატეგია: კონსტრუქციული და დესტრუქციული, რომელთაგან თითოეული შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური. კონსტრუქციული სტრატეგიები კარგი და გონივრული ჩანდა, თუმცა დიდად გადამწყვეტი არ აღმოჩნდა. მიზეზი მარტივია: პასიურ ერთგულებას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ურთიერთობის მიმდინარეობაზე; ხოლო პრობლემების გადაჭრის აქტიურმა მცდელობებმა ურთიერთობები მხოლოდ მცირედით გააუმჯობესა.

ფოტო: Everton Vila / Unsplash

ამის ფონზე ფსიქოლოგებმა დაასკვნეს: "ურთიერთობების წარმატებას განსაზღვრავს არა ის დადებითი, კონსტრუქციული ნაბიჯები, რომლებსაც პარტნიორები ერთმანეთისთვის დგამენ ან არ დგამენ, არამედ ის დესტრუქციული ქმედებები, რომელთაც ისინი პრობლემის საპასუხოდ მიმართავენ". სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც მშვიდად უდგახართ პარტნიორს გვერდში, თქვენი ერთგულება ხშირად შეუმჩნეველიც კი რჩება. მაგრამ თუკი პარტნიორისგან გაუცხოვდებით ან გაბრაზებულ გულზე დაემუქრებით, შესაძლოა, შურისძიების სახიფათო წრეში ამოყოთ თავი.

"გრძელვადიანი ურთიერთობების სირთულე ისაა, რომ ადრე თუ გვიან ერთ-ერთი პარტნიორი იმდენი ხნის განმავლობაში ავლენს უარყოფით დამოკიდებულებას, სანამ მეორეც ანალოგიურით არ უპასუხებს. ასეთ დროს ურთიერთობის გადარჩენა ძნელია", — ამბობს ზემოთ განხილული წყვილების კვლევის ხელმძღვანელი, ქერილ რასბალტი. ზოგადად, ნეგატივისგან განკურნება რთულია. მეტიც, იგი უკიდურესად გადამდებია. ზოგიერთმა მკვლევარმა წყვილების ცალ-ცალკე გამოკითხვისას ისიც აღმოაჩინა, რომ პარტნიორები ურთიერთობების აწონ-დაწონვისას უარყოფით მხარეებზე ფიქრში მეტ დროს ხარჯავდნენ, ვიდრე დადებითზე. ერთი რამ ცხადია, იმისათვის, რომ რთული პერიოდები გადალახოთ, საჭიროა, უარყოფით ემოციებს ჩანასახშივე დაუსვათ წერტილი.

დავუშვათ, მოახერხეთ და პრობლემების გარეშე გადაურჩით არშიყობის პერიოდს; მეტიც, უბრალო პაემნებიდან ქორწინების ნეტარ ფაზაში გადაინაცვლეთ. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ხართ, გული სითბოთი გაქვთ სავსე, ტვინი კი ჩაძირულია ოქსიტოცინში, დოფამინსა და სხვა ნეიროქიმიკატებში, რომლებიც სიყვარულთან ასოცირდება. თქვენ, დიდი ალბათობით, მეცნიერულ კვლევაში მონაწილეობის ხასიათზე სულაც არ ხართ, თუმცა, თქვენგან განსხვავებით, ზოგიერთი ახლად დაქორწინებული წყვილი დაარწმუნეს, რომ ჩართულიყვნენ გრძელვადიან პროექტში, სახელად PAIR (იგივე ინტიმურ ურთიერთობებში ადაპტაციის პროცესები). მის ფარგლებში, პენსილვანიაში მცხოვრებ წყვილებს ქორწინების პირველი ორი წლის განმავლობაში ფსიქოლოგები გამოკითხვებს უტარებდნენ და ურთიერთობების როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს აღნუსხავდნენ.

ფოტო: Khamkéo Vilaysing / Unsplash

კვლევის ზოგიერთი მონაწილე პარტნიორის მიმართ თავიდანვე გაუცხოებული და არაკეთილგანწყობილი იყო — მათი უმრავლესობა მალევე განქორწინდა. თუმცა წყვილების უმეტესობამ ორმხრივი ურთიერთპატივისცემა გამოავლინა და ერთად ყოფნის რამდენიმე წლისთავის აღნიშვნაც მოასწრო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ შემთხვევაში თავდაპირველმა გრძნობებმა დიდხანს გასტანა, ეს ფაქტი მაინც არ აღმოჩნდა ურთიერთობის დაუსრულებლად გაგრძელების საიმედო წინაპირობა. ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ "თავბრუდამხვევად მოსიყვარულე" წყვილების დიდი რაოდენობა ერთად აღარ იყვნენ. ეს განქორწინებული წყვილები ადრეულ წლებში ერთმანეთისადმი სამჯერ უფრო მეტ სიყვარულს ავლენდნენ, ვიდრე ისინი, ვინც არ დაშორებულან. მოკლევადიან პერიოდში არსებულმა ვნებამ მათ შესაძლებლობა მისცა, რომ თავიანთი შიშები და შეუთავსებლობები დაეძლიათ, თუმცა ეს დადებითი გრძნობები ვერ აღმოჩნდა ქორწინების სამუდამოდ გაგრძელების საწინდარი.

სწორედ იმ ფორმამ, რომლითაც წყვილები ურთიერთობის უარყოფით მხარეებს — თავიანთ ეჭვებს, იმედგაცრუებებს, პრობლემებს — უმკლავდებოდნენ, განაპირობა ის, გადარჩებოდა თუ არა ქორწინება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უარყოფითი გრძნობები კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს ახალგაზრდებზე — სწორედ ეს არის ერთ-ერთ მიზეზი იმისა, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებულები უფრო ხშირად შორდებიან ერთმანეთს, ვიდრე ისინი, რომელთაც ოჯახის შექმნამდე მოცდა არჩიეს (ახალგაზრდებში განქორწინების მაღალი მაჩვენებლის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ ნაკლები ფული აქვთ, რაც სტრესის დამატებითი წყაროა).

ზოგიერთი წყვილისთვის, რა თქმა უნდა, დაშორება უმჯობესია. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ უწყობს საბოტაჟს ისეთ ურთიერთობას, რომელსაც განვითარების პერსპექტივა შეიძლება ჰქონოდა.

მკვლევრები არაერთხელ ჩავარდნილან საგონებელში აშკარა მიზეზების გარეშე დანგრეული ურთიერთობების ხილვით. ამ თავსატეხის ამოსაცნობად ფსიქოლოგებმა, სანდრა მურიმ და ჯონ ჰოლმსმა წყვილები ლაბორატორიაში მიიყვანეს და მაგიდაზე დაახვედრეს კითხვარები, რომელთა შევსების დროსაც პარტნიორები ერთმანეთთან ზურგშექცეულები ისხდნენ. ექსპერიმენტატორმა მონაწილეებს განუმარტა, რომ მათ ერთი და იგივე შეკითხვები ჰქონდათ და მნიშვნელოვანი იყო, კითხვარის შევსებამდე არანაირი ფორმით არ ჰქონოდათ ერთმანეთთან კომუნიკაცია.

თუმცა, რეალურად, კითხვარები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ერთი ფორმა მონაწილეებს ეკითხებოდა, თუ რა არ მოსწონდათ პარტნიორში. მათ იმდენი თვისების ჩამოწერა შეეძლოთ, რამდენიც სურდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ ერთის დასახელებაც არ იქნებოდა პრობლემა. ამ ადამიანებს, რომლებიც საშუალოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხვდებოდნენ თავიანთ მეორე ნახევრებს, გარკვეული პრეტენზიები კი ჰქონდათ, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილები იყვნენ. მათ, როგორც წესი, ჩამოწერეს პარტნიორის ერთი ან ორი ნაკლებად იდეალური თვისება და შემდეგ ფანქრები მაგიდაზე დააწყეს. მათ პარტნიორებს სრულიად განსხვავებული დავალება მიეცათ: მათ სახლში არსებული ყველა ნივთი უნდა ჩამოეთვალათ — ინსტრუქციის თანახმად, მონაწილეებს მინიმუმ 25 ნივთი მაინც უნდა გაეხსენებინათ. ასე რომ, მათ დაიწყეს ავეჯის, სამზარეულოს ნივთების, ციფრული მოწყობილობების, წიგნების ჩამოწერა და უმრავლეს შემთხვევაში დავალებას ხუთი წუთის გასვლის მერეც ასრულებდნენ.

ამავე დროს, მათი მეწყვილეები, რომელთაც წერა დასრულებული ჰქონდათ, უმოქმედოდ ისხდნენ და ესმოდათ, როგორ ფხაჭნიდა მათი პარტნიორის ფანქარი ქაღალდს. მათ წარმოდგენაში საყვარელი ადამიანები მათი ნაკლების გრძელი სიის შედგენით იყვნენ დაკავებულნი მაშინ, როცა თავად პარტნიორში ერთი-ორი უარყოფითი თვისების პოვნაც კი გაუჭირდათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ პარტნიორებს აშკარად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ ურთიერთობაზე. როგორც ასეთ კვლევებში ხდება ხოლმე, დასასრულს ორივე მხარეს აცნობეს ექსპერიმენტის ეშმაკობის შესახებ. შესაბამისად, უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. მაგრამ სიმართლის გაცხადებამდე ექსპერიმენტატორმა კიდევ რამდენიმე შეკითხვა დასვა ურთიერთობებთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ცდაში გამოყენებულმა ეშმაკობამ დიდი გავლენა მოახდინა ზოგიერთ იმ ადამიანზე, რომელიც ისედაც დაბალი თვითშეფასებით გამოირჩეოდა (რაც ექსპერიმენტამდე ჩატარებული ტესტით უკვე დადგენილი იყო). მეორე მხრივ, მაღალი თვითშეფასების მქონე პირები ოდნავ კი დაფრთხნენ, თუმცა მალევე მოახერხეს ეჭვების გაფანტვა, ვინაიდან საკმარისად დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ პარტნიორი მათ ღირებულებას აცნობიერებდა.

აი, დაბალი თვითშეფასების მქონე მონაწილეებს კი ძლიერი რეაგირება ჰქონდათ კრიტიკის სავარაუდო კასკადზე. როდესაც ზურგს უკან ფანქრის დაუღალავი ფხაჭუნი მოისმინეს, ასეთი ადამიანები იმ შიშმა მოიცვა, რომ პარტნიორებს მათი მიტოვება სურდათ. საკუთარი თავის დასაცავად მათ პარტნიორებისადმი დამოკიდებულება შეცვალეს, კერძოდ უფრო მოკრძალებით შეაფასეს მეწყვილისადმი განცდილი პატივისცემა და სიყვარული. ამასთან, ისინი ნაკლები სანდოობითა და ოპტიმიზმით განეწყვნენ თავად ურთიერთობის მიმართაც. თავის თავში დაურწმუნებელი მონაწილეების რეაქცია უსაფუძვლო იყო, ვინაიდან, რეალურად, მათაც ისევე აფასებდნენ პარტნიორები, როგორც — მაღალი თვითშეფასების მქონე ხალხს. პრაქტიკულად, მათ საკუთარი თავისადმი არსებული ეჭვები პარტნიორს მიაწერეს და ჩათვალეს, რომ ისინი ისევე მკაცრად განსჯიდნენ, როგორც თავად აფასებდნენ საკუთარ თავს.

ფოტო: Alvin Mahmudov / Unsplash

ის, რომ ამგვარი უსაფუძვლო თვითდაცვა ურთიერთობისთვის უკიდურესად საზიანოა, კიდევ ერთი კვლევით დადასტურდა, რომლის ფარგლებშიც მურეი და ჰოლმსი ახალდაქორწინებულ წყვილებს სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ მრავლად აღნიშნეს ისეთი შემთხვევები, როცა წყვილის ურთიერთობა წარმატებული ჩანდა, კონფლიქტებიც იშვიათად წარმოიქმნებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ რომელიმე პარტნიორში დაუცველობის გრძნობა ღვივდებოდა. შედეგად, ისინი მენტალურად უცხოვდებოდნენ პარტნიორისგან ან ურთიერთობის სიმყარეში ეჭვი შეჰქონდათ მაშინაც კი, თუ ამის რეალური საფუძველი არ არსებობდა. მათ განსაკუთრებით ისეთ რუტინულ დათმობებზე წასვლა ანაწყენებდათ, როგორიცაა, მაგალითად, საღამოობით მეგობრებთან ერთად დროის გატარების ნაცვლად სახლში დარჩენა. ასეთი ადამიანების ურთიერთობები დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, თუმცა მალევე დასრულდა დაშორებით.

პარტნიორთა წაჩხუბების თვალყურის დევნებისას მკვლევრებმა გენდერული განსხვავებებიც შენიშნეს. კერძოდ, საკუთარ თავში დაურწმუნებელი კაცები ხშირად კონცენტრირდებიან იმ შიშზე, რომ პარტნიორი უღალატებს მათ. ისინი მგზნებარე ეჭვიანობით ავლენენ ძლიერ მესაკუთრეობასა და კონტროლის სურვილს მაშინაც კი, როდესაც ამის საბაბი არ აქვთ. ეს კი დამატებითი წნეხია ურთიერთობისთვის და, საბოლოოდ, მეორე ნახევარს გაქცევის სურვილს აღუძრავს. რაც შეეხებათ საკუთარ თავში დაურწმუნებელ ქალებს, ისინი ღალატის საფრთხეზე მეტად იმაზე წუხან, რომ პარტნიორები მათ სხვა მიზეზებით უარყოფენ. ამასთან, ისინი ამ გრძნობების საპასუხოდ არა ეჭვიანობით რეაგირებენ, არამედ — მტრული განწყობით.

ეს კვლევები შეაგროვეს ნიუ-იორკში, კერძოდ, კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სადაც ვიდეოზე ჩაწერეს წყვილები, რომლებიც თავიანთ პრობლემებზე საუბრობდნენ. ყოველ ჯერზე, როდესაც საუბრისას რომელიმე პარტნიორმა რაღაც ნეგატიური ჩაიდინა — იქნებოდა ეს წუწუნი, მტრული ტონით საუბარი, თვალების გადატრიალება, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, მეორე ნახევრის შეურაცხყოფა — ექსპერიმენტატორები ქმედებებს აღრიცხავდნენ და კონკრეტულ კატეგორიებში აჯგუფებდნენ. შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სწორედ დაბალი თვითშეფასების მქონე პარტნიორები ავლენდნენ ყველაზე ნეგატიურ ქმედებებს. პარტნიორებისგან უარყოფის შიშმა ყველა მცირე თუ დიდი პრობლემა მათ თვალში კიდევ უფრო გააბუქა, რადგან მათთვის კამათი არ აღიქმებოდა ჩვეულებრივ მოვლენად — არამედ ეს იყო სერიოზული ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობას საფრთხე ემუქრებოდა. მკვლევრების რამდენიმეწლიანი დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ ასეთი ადამიანების პანიკის შედეგი პარტნიორისგან გაუცხოება იყო, რის შედეგადაც მათი ურთიერთობა ხშირად სრულდებოდა განქორწინებით. მიტოვების შიშის მქონე ადამიანები ბოლოს მართლაც მარტონი დარჩნენ. სხვა სიტყვებით, მათი ამგვარი შიში გახდა იმის მიზეზი, რომ რასაც უფრთხოდნენ, სინამდვილეშიც ახდა.

ფოტო: Marie S / Unsplash

როგორც ჩანს, უარყოფითი ემოციები ნაკლები პრობლემაა ერთნაირსქესიან წყვილებში. მათზე ათწლეულის განმავლობაში დაკვირვების შედეგად მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ ქალების ან მხოლოდ კაცებისგან შემდგარი წყვილები მეტი ოპტიმიზმით უმკლავდებიან კონფლიქტებს, ვიდრე ჰეტეროსექსუალები. ისინი კამათსაც მეტი პოზიტიურობით იწყებენ, კრიტიკასაც უფრო მშვიდად იღებენ და კონფლიქტის დასრულების მერეც უკეთ ინარჩუნებენ დადებით განწყობას. ჰეტეროსექსუალი წყვილების შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული კონფლიქტის სახეს "მოთხოვნა-გაუცხოება" ეწოდება. ეს არის დესტრუქციული ციკლი, რომლის დროსაც ქალი პრეტენზიებსა და კრიტიკას იწყებს, ხოლო კაცი გაუცხოებით უპასუხებს. ასეთი ტიპის მოდელი ნაკლებად ახასიათებთ ჰომოსექსუალ წყვილებს: კაცი პარტნიორების შემთხვევაში ნაკლები შანსია, რომ რომელიმემ პრეტენზია გამოთქვას, ხოლო ქალი მეწყვილეები ნაკლებად უპასუხებენ კრიტიკას გაუცხოებით.

ადამიანთა უმეტესობა თავის ურთიერთობებზე ნეგატიურობის ეფექტის გავლენას არ აცნობიერებს. როდესაც ხალხს ეკითხები, თუ რატომ ფიქრობენ, რომ კარგი პარტნიორები იქნებოდნენ, ისინი ისეთ დადებით მიზეზებს ასახელებენ, როგორიცაა მეგობრულობა, ემპათიურობა, ერთგულება, სექსში დახელოვნება, იუმორის გრძნობა, ჭკუა. ცხადია, ეს ყველაფერი ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, თუმცა ფუნდამენტური მაინც ნეგატიურობის თავიდან აცილებაა. საძაგელი რაღაცების თქმისგან თავის შეკავება მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე კეთილი სიტყვა ან თუნდაც კარგი ქმედება.