"ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა" — ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარი მისი უფროსი "არ არი".

კრამონმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.

ფოტო: Twitter/Viola von Cramon

საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს განაცხადა, რომ "ევროპარლამენტარი მისი უფროსი არ არის". ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას მაკროფინანსური დახმარების არმიღების გამო ევროპარლამენტარების კრიტიკასთან დაკავშირებით.

"ევროპარლამენტარი არ არი ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. ეს ერთი. თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ", — თქვა მან [სტილი დაცულია].

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება გუშინ, 31 აგვისტოს გააკეთა. სწორედ ამას გამოეხმაურა რამდენიმე ევროპარლამენტარი. მაგალითად, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დაასწრო ევროკავშირს, რადგან ჰქონდა მოლოდინი, რომ პირობების არშესრულების გამო დახმარებას ვერ მიიღებდნენ. ანდრიუს კუბილიუსის თქმით კი, საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის არაღება ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ არის მზად იმ პირობების შესასრულებლად, რომლებიც დახმარების მისაღებად არის საჭირო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.