რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში რიკოთის უღელტეხილის ჩქაროსნული გზის 2კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება და მაგისტრალი ეტაპობრივად ამოქმედდება. პრემიერმინისტრის ინფორმაციით კი, პროექტი სრულად 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს.

"რიკოთთან მიმართებაში ძირითადი სამუშაოები 2022 წელს სრულდება, უკვე წელს სექტემბერში პირველი 2კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება სარგებლობისთვის, ექსპლუატაციაში შევა, რომელზეც 3 გვირაბი და 6 ხიდია. შემდგომ უკვე ეტაპობრივად გრძელდება, პროექტი იმდაგვარად არის შედგენილი, რომ იმთავითვე გათვალისწინებული იყო მონაკვეთ-მონაკვეთ ამის გახსნა. და უკვე ამ მონაკვეთის [უბისა-შორაპანი] დასრულებით, რეალურად თბილისიდან ბათუმში ჩასვლა სამსაათნახევარში იქნება შესაძლებელი.", — თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

ქარსელაძის ინფორმაციით, 4-ზოლიანი გზის მშენებლობა ჯამში 96 ხიდსა და 53 გვირაბს აერთიანებს. მისივე განმარტებით, 47 გვირაბი და 71 ხიდი ამჟამად შენდება, 8 გვირაბი კი უკვე დასრულებულია.

მისივე თქმით, მშენბლობაზე 4 000 ადამიანია დასაქმებული და მათგან საშუალოდ 70% საქართველოს მოქალაქეა. მანვე ისაუბრა პროექტის დაფინანსებაზე.

"ეს მონაკვეთი არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული, ასევე აზიის განვითარების ბანკი არის ჩართული და მსოფლიო ბანკი რიკოთის მონაკვეთებზე. მთლიანად ევროპის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ევროს აღემატება და ამის ფარგლებში მაგისტრალური 150 კმ გზის მშენებლობა მიმდინარეობს", — განმარტა მინისტრმა.

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით კი, ეს არის ევროპის მასშტაბით "მართლაც გამორჩეული პროექტი".

"ასეთი მასშტაბის და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა. მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად დასრულდება 2024 წელს. [...] 3 საათში გახდება შესაძლებელი თბილისიდან ბათუმში ჩასვლა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

რიკოთის უღელტეხილზე 4-ზოლიანი გზის მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 23 მარტს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გაავრცელა.